პარლამენტში რიგგარეშე პლენარული სხდომის დააწყება ვერ ხერხდება. მიზეზი დაპირისპირებაა. მედიის წარმომადგენლები პარლამენტში შესვლას ითხოვდნენ, თუმცა სამართალდამცველები მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებდნენ, აქვთ საშვები, თუმცა პოლიციელები არ უშვებენ.
საბოლოოდ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესული მედიის, არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს დაგეგმილი სხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ. იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი ამ დროისთვის ოპოზიციონერებს უკავიათ.
წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით, პარლამენტი მესამე მოსმენით ე.წ. სამშენებლო ამნისტიას მიიღებს. გარდა ამისა, დეპუტატები პარლამენტის ეთიკის კოდექსში ცვლილებაზე იმსჯელებენ, რომლის მიხედვით, ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში არა მარტო ფრაქციების, არამედ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც უნდა გაერთიანდნენ.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები კენჭს უყრიან დადგენილების პროექტს სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის შესახებ. დადგენილების პროექტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე წარადგენს.