კელი დეგნანი: ნებისმიერი კარგი იურისტი იტყვის, როდესაც შეთანხმებას აწერ ხელს, ეთანმხები იმ პირობებს, რაც მასში არის მოცემული

„19 აპრილის შეთანხმება მკაფიოდ აჩვენებს, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს, ვიდრე არ განხორციელდება ფართო, ყოვლისმომცველი მსჯელობა რეფორმაზე და შემდეგ უკვე ამბიციური რეფორმა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო მოსამართლეთა დანიშვნები. ეს არ მომხდარა“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩის თქმით, მისთვის უცნობია, იყო თუ არა რაიმე სიტყვიერი შეთანხმება მხარეებს შორის, რაც შეეხება ხელმოწერილ შეთანხმებას, ელჩის განმარტებით, ნებისმიერი კარგი იურისტი იტყვის, როდესაც შეთანხმებას აწერ ხელს, ეთანმხები იმ პირობებს, რაც მასში არის მოცემული.

ინფორმაციისთვის „ქართული ოცნების“ განცხადებაში გუშინ აღნიშნული იყო, რომ შემაშფოთებელია, „ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო“, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. მოგვიანებით, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ქართველ ჩინოსანს“ არ გულისხმობენ, თუმცა არ აკონკრეტებს, საუბარია თუ არა კელი დეგნანზე. სწორედ ამასთან დაკავშირებით დაუსვეს დღეს შეკითხვა ამერიკის ელჩს ჟურნალისტებმა.

„ამ საკითხზე განმარტებისთვის „ქართული ოცნების“ ლიდერებს უნდა მიმართოთ. მე კი გეტყვით, რომ 19 აპრილის შეთანხმება მკაფიოდ აჩვენებს, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს, ვიდრე არ განხორციელდება ფართო, ყოვლისმომცველი მსჯელობა რეფორმაზე და შემდეგ უკვე ამბიციური რეფორმა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო მოსამართლეთა დანიშვნები. ეს არ მომხდარა, არ ყოფილა პროცესი, რომელიც იყო მრავალპარტიული, ინკლუზიური და შესაბამისად არ განხორციელებულა სასამართლო სისტემის რეფორმა. სწორედ ამიტომ უნდა შეჩერებულიყო ეს დანიშვნები. მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, დაწერილ ტექსტს, მე არ ვიცი, იყო თუ არა რაიმე სიტყვიერი შეთანხმება. ნებისმიერი კარგი იურისტი იტყვის, როდესაც შეთანხმებას აწერ ხელს, ეთანმხები იმ პირობებს, რაც მასში არის მოცემული.

აშშ 30 წელია, მხარეს უჭერს საქართველოს და მას უთანამშრომლია ათასობით ქართველთან იმისთვის, რომ ქვეყანაში ყოფილიყო დემოკრატიის აღმშენებლობა და იმისთვის, რომ განვითრებულიყო მთელი რიგი მიმართულებები, როგორიცაა, თავდაცვა, განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეკონომიკის განვითარება. ჩვენ გამოვხატავთ მზადყოფნას, განვაგრძოთ ეს თანამშრომლობა ქართველებთან, რომელთა სურვილია, რომ ქვეყანა იყოს წარმატებული, განვითარებული და მათთან, ვინც იზიარებენ ქართველი ხალხის სურვილს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, ,,ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს