მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია და ნებისმიერ პასუხისმგებლიან მედიასაშუალებას უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა, ვწუხვარ, თუ ზოგიერთ მედიას არ ეძლევა ამის საშუალება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მთავრობის ერთ-ერთ ღონისძიებაზე ჟურნალისტთა ნაწილის არმიწვევის საკითხს ეხებოდა.
„ცხადია, მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია და ნებისმიერ პასუხისმგებლიან მედიასაშუალებას უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა. სწორედ ასე იღებს ხალხი ინფორმაციას და შეუძლია, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები. ვწუხვარ, თუ ზოგიერთ მედიას არ ეძლევა ამის საშუალება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, ბინათმშენებლობის პროექტის „ჯარის ქალაქის“ სამშენებლო პროცესის ღონისძიებაზე მთავრობამ რამდენიმე მედიასაშუალება არ მიიწვია.
როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა განაცხადა, „ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ „მთავარმა არხმა", „ტვ პირველმა" და „ფორმულამ" გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი, ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ“.
„დღეს რამდენიმე კონკრეტული მედიასაშუალების მხრიდან დაისვა კითხვები, რატომ არ იყვნენ ისინი მოწვეული პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ღონისძიებაზე. პრემიერ-მინისტრი ყოველთვის პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს, დღესაც მან ყველა ჟურნალისტის დასმულ კითხვას უპასუხა. „მთავარ არხს", „ტვ პირველს" და „ფორმულას" არ აინტერესებთ პასუხები კითხვებზე, ისინი მუდმივად იქცევიან დესტრუქციულად და მხოლოდ თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყვებიან. შესაბამისად, ამ მიზეზით დღეს არ მოხდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის ტელეკომპანიების მოწვევა ღონისძიებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.