საქართველოს პარლამენტთან მედიამენეჯერების მიერ ორგანიზებული მორიგი საპროტესტო აქცია იმართება.
პროტესტის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია პრემიერ-მინისტრის გადადგომა და 5-6 ივლისის ძალადობრივი ქმედებების მონაწილეებისა და ორგანიზატორების დასჯა.
აქციაზე ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილები.
რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
პროტესტის მონაწილეები აქციაზე შეკრებილებს მიმართავენ.
"იქნებ, ვინმეს ეგონა, რომ "მთავარი არხი" დღეს აქ არ გამოჩნდებოდა, ან იქნებ ვინმეს ეგონა, რომ მე აღარ ვიყავი „მთავარი არხიდან“ და აქ არ გამოვჩნდებოდი. ვინ არ გამოჩნდება ძალიან მალე, ვის წინაშე დაიხურება ყველა კარი, ეს არის საქართველოს დღევანდელი მთავრობა და მისი პრემიერი ღარიბაშვილი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
,,ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდე არ დაისჯებიან დამნაშავეები და ვიდრე პასუხისმგებლობას არ აიღებს ქვეყნის პრემიერი, რომელიც დღეს ჟურნალისტებს დაემალა, რომელმაც დღეს გვაჩვენა, რომ ისე ეშინია ხელისუფლებას უკვე კრიტიკული და მეტად ადეკვატური შეკითხვების, რომ ჩვენი არხების გარეშე ატარებენ ღონისძიებებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება არის უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში და მე მინდა, რომ ვუსურვო მათ რომ დროულად მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილებები“, - მიმართა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ შეკრებილებს.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, თუ ღარიბაშვილი არ გადადგება, მასთან ერთად საარჩევნო კამპანიის წარმოება პრაქტიკულად წარმოუდგენელია მათთვისაც კი.
"როგორც მოიქცევიან, მათი გადასაწყვეტია, რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგან, 2 ოქტომბერს ეს ხელისუფლება წააგებს, რადგან დაუპირისპირდა ყველას, როგორც ადგილობრივ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას და ჟურნალისტებს. ამიტომ, ელემენტარული ადამიანური და პროფესიული სინდისი რომ ჰქონდეთ ამ ადამიანებს, უკვე უნდა გადამდგარიყვნენ, მაგრამ ივანიშვილის გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამენ”, - აღნიშნა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლებამ დაუშვა მძიმე შეცდომა, როდესაც ტელეკომპანია „იმედთან“ მიმართებაში „ჩაიდინა სისულელე“ და მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწია, „თუმცა ამ ხელისუფლებამ გააკეთა კიდევ უფრო უარესი, როდესაც მთელს ჟურნალისტთა ოჯახს ფიზიკურად დაუპირისპირდა“.
აქციაზე იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.
მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არჩევანი მუდმივად გასაკეთებელი გვაქვს, რომელი საქართველოა ის, რომელსაც ჩვენ ვაძლიერებთ.
"რომელ ჩვენ წარსულს ვხედავთ მომავალში და რომელს ვაქცევთ ზურგს. ამ არჩევანის გაკეთება თქვენთვის ნათელია, ეს არჩევანი გააკეთა ლექსომაც და გახდა ამ არჩევანის მოწამე და შეეწირა ამ არჩევანს, იმისთვის, რომ ჩემთვის, თქვენთვის და ჩვენი შვილებისთვის მიეცა ის მომავალი, რომელსაც ემსახურებოდა ილიაც, ვაჟაც და რომელსაც ემსახურებოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები.
მე აქ ვდგავარ ლექსოსთვის და ჩემი სამშობლოსთვის, რათა ხვალინდელი დღე ამ ქვეყანაში არ იყოს რუსული, არ იყოს „პაგრომები“, არ იყოს იმაზე ორიენტირებული, რომ გათელონ ინდივიდი და მასა აღაზევონ. ყოველთვის ეს ბრძოლა რაღაც ფრონტზე მიმდინარეობს. დღეს მინდა იცოდეთ, რომ ეს ბრძოლა მიმდინარეობს მედიასთან. არ გეგონოთ, რომ რეპორტაჟებით გაღიზიანდნენ, ეს არის მეთოდური ბრძოლა. ერთადერთი დარჩენილი სახელმწიფო ინსტიტუტი, ხელისუფლების შტო არის მედია, დანარჩენი ყველაფერი ჩამოშალეს. ერთადერთი, რაც დარჩა, არის მედია და მის ჩამოშლას ცდილობენ. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა და არა გემოვნების. ეს არის ბრძოლა ხელისუფლების ერთადერთი ფუნქციური შტოს ჩამოსაშლელად. ჩვენ აუცილებლად უნდა შევხვდეთ აქ, რუსთაველის გამზირზე, თუ თქვენ საქართველოს და თქვენი შვილების მომავლისთვის გიძგერთ გული. ეს ბრძოლა ჩემი თაობისთვის აქ 30, წელია მიმდინარეობს. მინდა ამ ბრძოლის პათოსი გადმოგაბაროთ და თქვენ დადგეთ აქ ჩვენი სამშობლოს დასაცავად“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.