ვარშავის ინსტიტუტის პრეზიდენტი ტომას კიჟევსკი: ახლა საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია დაჩქარდეს

Europetime-მა ვარშავის ინსტიტუტის პრეზიდენტი ტომას კიჟევსკი ექსკლუზიურად ჩაწერა. ის მრავალი წლის განმავლობაში მსახურობდა დიპლომატად, მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკაში. ტომას კიჟევსკის, როგორც ექსპერტის საქმიანობა შემდეგ სფეროებს მოიცავს: ჰიბრიდული ომი და ასიმეტრიული კონფლიქტები, ანტიტერორიზმი და ენერგეტიკული უსაფრთხოება. ტომას კიჟევსკი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა და Europetime-ს ის საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებსა და ასოცირებული ტრიოს, მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ესაუბრა.

_რა მოლოდინები გაქვთ კონფერენციისგან?

ჩვენ გვსურს, რომ ამ კონფერენციის საშუალებით კიდევ უფრო მეტი გავიგოთ საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე და იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუძლია საქართველოს უფრო სწრაფად წაიწიოს წინ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და უფრო გაარღმაოს თანამშრომლობა ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან. მე ვფიქრობ, ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. საქართველო ევროინტეგრაციისკენ ისწრაფვის, თუმცა ამ გზაზე უამრავი გამოწვევა არსებობს.

_რა მთავარი გამოწვევებია ეს?

მთავარი გამოწვევები ყოველთვის შიდა პოლიტიკას და ინტეგრაციის გზაზე განვითარების შესაძლებლობას უკავშირდება. ამიტომ, ეკონომიკური განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობა ასევე ძირითადი საკითხებია. ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ უფრო ძლიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე, ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა არსებობს სხვა საფრთხეებიც, მათ შორის ჰიბრიდული, თუმცა გარე აქტორების მიმართ მეტი ყურადღების ნაცვლად, უნდა გავაძლიეროთ ინსტიტუციები ქვეყნებს შიგნით, გავაძლიეროთ საქართველოს თანამშრომლობა ევროკავშირის და დასავლეთის სხვა ქვეყნებთან.

_ამ მიზნით აწერენ ხელს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ლიდერები დეკლარაციას, როგორ აფასებთ მათ საერთო ამოცანებს?

მათი ერთობლივი ძალისხმევა მისასალმებელია. მე ვფიქრობ, რომ სამი ქვეყანა, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა აღმოსავლეთის პარტნიორობის ყველაზე მოწინავე ქვეყნები არიან, რომლებმაც ევროინტეგრაციის გზა აირჩიეს. ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე არიან. ვაკვირდებით რა ევროპის პოლიტიკურ ლანდშაფტს, უნდა დავაჩქაროთ ევროინტეგრაციის ეს პროცესი, რადგან სხვადასხვა პოლიტიკური ცვლილება შეიძლება მოხდეს. ეს ის დროა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.

ევროპულ სტრუქტურებთან საქართველოს დაახლოების პროცესი დიდი ხნის წინ დაიწყო. ვფიქრობ, ახლა საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს. ეს უნდა გააკეთოთ ევროკავშირთან თანამშრომლობით. ამავე დროს, ჩემი აზრით, ევროკავშირი და დასავლეთის სხვა ქვეყნები უნდა იყვნენ მეტად მოქნილები, როდესაც საქმე ეხება კულტურული განსხვავებების პატივისცემას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, პოლონეთი და სხვა. დემოკრატიზაციის სტანდარტი ძალიან მნიშვნელოვანია და მას პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ვერ ვაიძულებთ საქართველოს მსგავს ქვეყნებს, შექმნან დემოკრატიის მხოლოდ ერთი მოდელი ამ გაგებით. ასე რომ, ვფიქრობ, კულტურულ და პოლიტიკურ მიდგომებში განსხვავებები უნდა შენარჩუნდეს და ეს არ უნდა იყოს დაბრკოლება ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის.

ამავე თემაზე:

ექსკლუზივი. ტომას პეტრიჩეკი: მივესალმები ასოცირებული ტრიოს თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია რეფორმებზე გამოცდილების გაზიარება, როცა რეგიონში რუსეთის გავლენა იზრდება