Europetime-მა ჩეხეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ ტომას პეტრიჩეკთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. მან ეს პოზიცია სამი თვის წინ დატოვა. ტომას პეტრიჩეკი არის ჩეხი პოლიტიკოსი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი 2018 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის აპრილამდე ეკავა.
საერთაშორისო მედია წერს, რომ ტომას პეტრიჩეკი ჩეხეთის მთავრობაში, რუსეთისადმი კრიტიკულად განწყობილ ერთ-ერთი გამორჩეულ მინისტრად ითვლებოდა. არქივი საქართველოსთან დაკავშირებით მის განცხადებებსაც ინახავს. მისი ერთ-ერთი ასეთი შეფასების თანახმად, რუსეთი ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას უკრაინაში, აზოვის ზღვასა და საქართველოში თავისი აგრესიითა და ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით.
ჩეხეთის პირველ დიპლომატობამდე, ტომას პეტრიჩეკი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა, უფრო ადრე კი - სოციალური დაცვის საკითხებში მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. იყო ჩეხეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. ტომას პეტრიჩეკი გახლდათ ევროპარლამენტში უფროსი მრჩეველიც. ამ პოზიციებამდე კი პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ლექტორი იყო. ტომას პეტრიჩეკი ახლა გლობალური პოლიტიკური ეკონომიკის ცენტრში უფროსი ანალიტიკოსია და ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა. Europetime მასთან ინტერვიუს გთავაზობთ.
_კონფერენცია - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც შედგა სესია - „ახალი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგი და აღმოსავლეთ ევროპა“. რა არის ის მთავარი საკითხები, რომლებზეც ყურადღება გაამახვილეთ განხილვებისას?
კონფერენციის მსვლელობისას მივესალმე იმ ფაქტს, რომ სამის ქვეყნის, უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის პრეზიდენტებმა ურთიერთობების უფრო დაახლოების შესახებ განაცხადეს, რათა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ამ ქვეყნების ინტეგრაცია დაჩქარდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია და მივესალმეთ რეგიონულ თანამშრომლობას და ჩვენ ამისკენ მოვუწოდეთ კიდეც. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და დანარჩენი ქვეყნების ამბიციებს, რომ გახდნენ ევროკავშირისა და NATO-ს წევრები. ასევე უნდა აღინიშნოს ის რეფორმების დღის წესრიგი და მისი განხორციელების მნიშვნელობა, რომლებიც სამივე ქვეყანას აქვს. ეს საკითხი მაღალ დონეზეა როგორც ევროკავშირთან და NATO-სთან ურთიერთობებში, ასევე აშშ-სთან ორმხრივ ურთიერთობებში.
_რა მთავარი გამოწვევის წინაშე არიან ასოცირებული ქვეყნები ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე?
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმები, კარგი მმართველობა, მართლმსაჯულება - ეს ის სფეროა, რომელზეც ბევრი სამუშაო ჯერ კიდევ წინ არის და ეს ეხება სამივე ქვეყანას. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური განვითარების კუთხით თანამშრომლობის შესაძლებლობების გაჩენა. ევროკავშირმა ახლახან გამოაცხადა ინციატივის შესახებ, რომელსაც შეუძლია, გაზარდოს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში და ხელი შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.
_გარე საფრთხეებზე საუბრისას, ექსპერტებიც ამახვილებენ ყურადღებას სამი ქვეყნის საერთო გამოწვევაზე. როდესაც რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ვსაუბრობთ, თქვენ როგორც ჩეხეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, რა რჩევა გექნებოდათ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მიმართ?
მე ხაზგასმით აღვნიშნავდი დასავლეთის რეაგირებას, რომელიც მიმართულია ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისკენ, გარე ზეწოლასთან, მათ შორის ახალ საფრთხეებთან (როგორიცაა ჰიბრიდული ომი, დეზინფორმაცია) გასამკლავებლად. მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოს მდგრადობის გასაძლიერებლად.
_როდესაც ვსაუბრობთ ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების თანამშრომლობაზე, როგორ უყურებთ საერთო ძალისხმევის მნიშვნელობას და შესაძლებლობას?
მე მხოლოდ მივესალმები ტრიოს ქვეყნებს შორის რეგიონულ თანამშრომლობას. ეს არის კარგი ნაბიჯი, რაც დაეხმარება მათ, გაიზიარონ ერთმანეთის საუკეთესო გამოცდილება რეფორმების განხორციელებაზე სფეროებში, სადაც ჩვენ დავინახეთ, რომ რეგიონში რუსეთის გავლენა იზრდება.
ამავე თემაზე:
ზელენსკი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ტერიტორიებზე გამყოფი ხაზები აღარ გქვონდეს
სალომე ზურაბიშვილი: შავი ზღვა მშვიდობის, თანამშრომლობის და ევროპასთან მიახლოების ზღვაა