სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილი ჯონ ბასი Facebook-ზე წერს:
„დიდი პატივია, ახალი პოზიციიდან გავაგრძელო ამერიკელი ხალხის სამსახური. თუ სენატმა დაადასტურა ჩემი კანდიდატურა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მხარში ამოვუდგე სახელმწიფო დეპარტამენტისა და ჩვენი დიპლომატიური კორპუსის საოცარ პროფესიონალებს, ამერიკელებსა და ადგილობრივ კოლეგებს“, - აღნიშნავს ჯონ ბასი.
ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე ჯონ ბასის კანდიდატურა წარადგინა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ბასი მენეჯმენტის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე წარადგინა. ჯონ ბასი 2009-2012 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა. გარდა ამისა, ის იყო ელჩი ავღანეთსა და თურქეთში. ის მსახურობდა უცხოეთში აშშ-ის შვიდ მისიაში და მუშაობდა მაღალ პოზიციებზე სახელმწიფო დეპარტამენტში.
ცნობისათვის, ჯონ ბასმა ავღანეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობა 2020 წლის ივნისში დატოვა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა New York Times-ს მაშინ პირად საუბარში უთხრა, რომ ჩვეული მოვლენაა ელჩებისთვის, როდესაც ქაბულში მხოლოდ ორი წლის განმავლობაში მსახურობენ, რადგან ეს სამუშაო დიდ სტრესთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, ელჩი არ გაუთავისუფლებიათ და წასვლა დაგეგმილი იყო.
2014 წლის სექტემბერში ჯონ ბასი თურქეთში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა. ანკარა მან პრეზიდენტ ერდოღანთან დაპირისპირების ფონზე დატოვა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთსა და ამერიკას შორის არსებულ დიპლომატიურ კრიზისში სწორედ ბასი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მას ელჩად აღარ აღიარებდა. თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთის სპეცსამსახურებმა ამერიკის საელჩოს თანამშრომელი ჯაშუშობის და ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. ჯონ ბასი ხელისუფლებისგან მისი თანამშრომლის ბრალეულობის დამამტკიცებელ დოკუმენტაციას ითხოვდა.