საპარლამენტო არჩევნებზე ხარვეზები პანდემიურ და სტრესულ გარემოს, რიგ შემთხვევებში კი გულგრილობას და დაბალ კომპეტენციას უკავშირდება - კომისიის დასკვნა

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცნობილია.

„საგამოძიებო კომისიამ დაასკვნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები კანონმდებლობის სრული შესაბამისობით ჩატარდა და გამოვლენილ მცირე ხარვეზებს არჩევნების საბოლოო შედეგებზე რაიმე სახის გავლენა არ ჰქონია“, - განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ 2 თვე ნახევრის განმავლობაში 16 სამუშაო შეხვედრაზე, კომისიაში საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული 38 ადამიანი გამოკითხა და 22 სხვადასხვა უწყებიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციები გამოითხოვეს.

„საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ძირითადი თავისუფლებებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა. ამასთანავე, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას გამოიკვეთა რიგი ხარვეზები, რომლებსაც არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელ ოქმში გამოქვეყნებული მონაცემები, ამომრჩევლის გამოხატულ თავისუფალ ნებას, სრულად ასახავს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შემაჯამებელი სხდომა გამართა. კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომისიის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა და შემდგომი პროცედურები განმარტა. მისი განცხადებით, კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი ბიუროს სხდომას წარედგინება, რომლის შემდგომაც ეს დოკუმენტები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურებით წარიმართება.

კომისიის თავმჯდომარემ სხდომაზე იმ რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის, მთავარი პროკურატურისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მომზადდა. რეკომენდაციების ნაწილი საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის საკითხებსაც შეეხება.

გივი მიქანაძემ კომისიის წევრებს პარლამენტის დადგენილების 8-გვერდიანი პროექტი გააცნო. დადგენილების პროექტში აღნიშნულია, რომ „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები, ძირითადად, პანდემიური და სტრესული გარემოს გავლენით დაშვებულ ტექნიკურ შეცდომებს, რიგ შემთხვევებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მხრიდან გამოვლენილ გულგრილობას და დაბალ კომპეტენციას უკავშირდება. ამასთან, გამოვლენილ ხარვეზებს ვერ ექნებოდა რაიმე არსებითი გავლენა საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებზე“.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიამ, გივი მიქანაძის, ალუდა ღუდუშაურის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის შემადგენლობით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციები და პარლამენტის დადგენილების პროექტი მოამზადეს.

ამავე თემაზე: ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ საარჩევნო უბნების გადათვლა დაიწყო.