ანალიტიკოსი თეონა ლავრელაშვილი, რომელსაც ევროსტრუქტურებში მუშაობის საინტერესო გამოცდილება აქვს და ამჟამად ლუვენის უნივერსიტეტში პოლიტიკური პარტიების პროგრამას ხელმძღვანელობს, Europetime-თან ინტერვიუში, ევროკავშირთან სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებისა და ასოცირებული ტრიოს პოლიტიკის მრჩეველთა ჯგუფის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. თეონა ლავრელაშვილის შეფასებით, ასოცირებულ ტრიოს ასევე აქვს პოტენციალი, გაზარდოს ქვეყნების მდგრადობა ჰიბრიდული საფრთხეების მიმართაც. რას გულისხმობს ეს ინიციატივები, უფრო კონკრეტულად, ინტერვიუდან შეიტყობთ.
_როგორ შეაფასებდით საქართველოში, ბათუმში, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრას და ე.წ. პეტრას მემორანდუმს?
ეჭვგარეშეა, რომ ეს არის ევროკავშირთან უფრო ამბიციური და ღრმა თანამშრომლობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ასოცირებული ტრიოს დეკლარაციით - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ცალმხრივად და ერთობლივად გამოვიდნენ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივასთან დაკავშირებული ინიციატივით.
ასოციაცირებული ტრიოს პოლიტიკური დაბადება აშკარა სიგნალია ბრიუსელისთვის, რომ ეს სამი ქვეყანა არამხოლოდ მზადაა, განაგრძოს ინტეგრაცია ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობის მიღმა, არამედ ერთად განაგრძონ სრულფასოვანი წევრობის მიზნისკენ სწრაფვა.
ეს ბრიუსელს აყენებს ისეთ პოზიციაში, რომ ასოცირებული ტრიოს მოთხოვნას რაიმე ფორმით უპასუხოს. მაშინაც კი, თუკი ევროკავშირი შესაძლოა და ალბათ გარკვეულწილად ყოყმანობს ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის წევრობის პერსპექტივის მინიჭებაზე, ველი, რომ ასოცირებული ტრიოს ფორმატის საშუალებით, ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერებული ინტეგრაციის შესახებ კიდევ უფრო მკაფიო პერსპექტივები გამოჩნდება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც, ჩემი აზრით, დავიწყებულია ასოცირებული ტრიოს დღევანდელ ფორმატში, ეს არის რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობის აღიარება თავად ამ ქვეყნებს შორის. თუ გვსურს ავირიდოთ ის, რომ ასოცირებული ტრიო მხოლოდ პოლიტიკურ ან დიპლომატიურ ინიციატივად რჩება, უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ უნდა გავაღრმაოთ ჩვენი ინტეგრაცია ამ სამ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სექტორულ სფეროში. ამისათვის საჭიროა კოორდინაცია ხელისუფლების შტოებთან ასევე პარლამენტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
_ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საერთო ძალისხმევა გაანეიტრალებს თუ არა რუსული ჰიბრიდული ომის საფრთხერბს, მაგალითად დეზინფორმაციას, რუსულ ნარატივებს და საბოლოოდ წინ წასწევს თუ არა აღნიშნული ქვეყნების ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს?
ასოცირებული ტრიოს აქვს პოტენციალი, გაზარდოს ქვეყნების მდგრადობა ჰიბრიდული საფრთხეების მიმართაც. ეს არის კარგი პლატფორმა, რომელიც შეიძლება და უნდა იყოს გამოყენებული საქართველოს უკრაინის და მოლდოვის მიერ, რათა უკეთ განსაზღვრონ რუსეთის მავნე ზეგავლენა და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაონ და მოახდინონ ერთობლივი რეაგირება.
მივესალმები იმ ფაქტს, რომ დეკლარაციაში ნათლად არის ნახსენები ჰიბრიდული საფრთხეები, კიბერმედეგობა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ ასევე შეგვიძლია ვიფიქროთ ქვეყნის მასშტაბით ქმედებებზე რუსეთის დეზინფორმაციის საპასუხოდ. ვიმედოვნებ, რომ ტრიოს ფორმატში გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ექსპერტების რჩევები, რათა ამ პლატფორმის პოტენციალი კონკრეტულ პოლიტიკურ ქმედებებში აისახოს.
რა თქმა უნდა, უნდა ველოდოთ, რომ რუსეთი ტრიოს განიხილავს, როგორც საფრთხეს, რომელმაც შეიძლება შეამციროს მისი გავლენა შესაბამის ქვეყნებში. გასაკვირი არ არის, რომ დუმის ზოგიერთმა წევრმა უკვე შეაფასა ასოცირებული ტრიო, როგორც მცდელობა, „შექმნას კიდევ ერთი „„სანიტარული კორდონის“ ხაზი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც აშშ-ის ბრძანებით შეიქმნა“. პრორუსულმა ძალებმა, მაგალითად, იგორ დოდონმა მოლდოვაში, მას ძალიან საშიში დოკუმენტი უწოდა. გასაკვირი არ იქნება, თუ რუსეთი მხოლოდ განაგრძობს და გააძლიერებს ძალისხმევას, სანდუს გამარჯვების ფონზე, მავნე გავლენის პრაქტიკის გამოყენებით.
_თქვენ აღნიშნეთ, რომ საჭიროა შემდგომი ნაბიჯები, მათ შორის, ექსპერტების რჩევა ასოცირებული ტრიოს ფორმატის განვითარებისთვის, შეგიძლიათ, უფრო მეტი გვითხრათ ამის შესახებ.
აშკარაა, რომ საჭიროა და ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციის ძალისხმევა ბრიუსელთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ევროპარლამენტარი კუბილიუსი ასევე ხშირად იმეორებს ერთობლივი სტრატეგიული საკომუნიკაციო გეგმის შექმნის აუცილებლობის შესახებ.
ფრაგმენტული მიდგომის თავიდან ასაცილებლად, უნდა ვიფიქროთ ასოცირებული ტრიოს პოლიტიკის მრჩეველთა ჯგუფის შექმნაზე. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ასევე იყენებენ ამ ტიპის პოლიტიკის მრჩეველთა ჯგუფს ერთმანეთთან, რათა კოორდინაცია გაუწიონ თავიანთ ძალისხმევას, ხედვის ჩამოყალიბების საფუძველზე. ვფიქრობ, რომ ასეთი რამ შეიძლება გაკეთდეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაშიც, როდესაც პოლიტიკის ექსპერტებსა და აკადემიურ გაერთიანებებს აერთიანებთ თავიანთი ძალისხმევა კონცეპტუალური ანალიზისა და სტრატეგიული სიღრმის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
_თქვენი აზრით, ევროკავშირის ასეთი ჩართულობა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უკვე მესამე ვიზიტი საქართველოში რითია გამოწვეული და რა მოლოდინები აქვს ევროპას საქართველოდან?
მახსოვს, როდესაც ევროკომისიაში ვმუშაობდი - ჩემმა დიდმა უფროსმა, იოჰანეს ჰანმა, რომელიც იმ დროს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითებში ევროკომისარი იყო, გაიმეორა, რომ „ჩვენ არ გვინდა არასტაბილურობის შემოტანა, ჩვენ გვინდა სტაბილურობის ექსპორტი“. ეს აქტუალური რჩება დღესაც. ევროკავშირს სურს და სჭირდება სტაბილური საქართველო ფუნქციონირებადი დემოკრატიული ინსტიტუტებით.
რეგიონში გაზრდილი გეოპოლიტიკური ზეწოლის ფონზე, საქართველო რჩება ევროკავშირის არსებით მოკავშირედ არამხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ბევრ სფეროში, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა, ტექნიკური თანამშრომლობა და ბრიუსელმა ასევე კარგად იცის, რომ საქართველოში ევროკავშირი უზარმაზარი მხარდაჭერით სარგებლობს. ეს აძლევს ევროკავშირს არამხოლოდ უფლებამოსილებას, შეასრულოს როლი ქვეყნის სტაბილიზაციაში, არამედ ამარაგებს მას ტრანსფორმაციის ძალით, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, როგორც ჩვენი მხრიდან შესაძლებლობა.