საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ ერთიანი სამოქმედო გეგმა და სტრატეგიული კომუნიკაციის გრძელვადიანი ხედვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს.
ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს სჭირდება მეტად ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაცია, როგორც ევროკავშირის ინსტიტუციებში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ამისათვის კარგი იქნება, თუკი საქართველო (შესაძლოა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად), შექმნის ერთგვარ ანალიტიკური ცენტრის/პლატფორმას, რომელიც ინსტიტუციურ, პოლიტიკურ, სამოქალაქო და ა.შ. წრეებთან თანამშრომლობით, ამ სამი ქვეყნის საგარეო მიზნებს მხარს დაუჭერს. მისი თქმით, ასევე მისასალმებელი იქნება, თუკი საქართველო ინსტიტუციურად ჩაერთვება „ევროპის მომავლის“ კონფერენციაში და ევროგაერთიანების მომავლის შესახებ ხედვას დააფიქსირებს.
შიდა პოლიტიკურ კრიზისზე, ევროკავშირის ჩართულობაზე, რუსეთზე, და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე Europetime ანდრიუს კუბილიუსს ესაუბრა.
_შიდაპოლიტიკური კრიზისი, ევროკავშირის დიდი ძალისხმევით და მედიაციით, ამ ეტაპისთვის ასე ვთქვათ დაიძლია, რა იქნება ის მომდევნო ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის სწრაფვას ევროატლანტიკური ალიანსისკენ უფრო დამაჯერებელს გახდის?
ეს არის ზუსტად ის, რატომაც ძალიან ვწუხდით ამ პოლიტიკური კრიზისის გამო, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა არამხოლოდ არჩევნების შემდეგ, არამედ მანამდეც. ამიტომაც, ჩავერთეთ და მეც პირადად ინტენსიურად ვიყავი ჩართული კრიზისის გადაჭრის ძალისხმევაში. ახლა ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ კრიზისი შეძლებისდაგვარად დასრულდა. ასევე ბედნიერი ვარ, რომ ევროკავშირმა და პირადად შარლ მიშელმა ამ კრიზისის გადასაჭრელად ლიდერობა იტვირთეს. ეს კარგი მაგალითია, თუ რამდენად შეუძლია ევროკავშირს, იყოს ეფექტიანი ასეთი სახით გამოწვევებთან და პრობლემებთან ბრძოლაში. ასეთი პრობლემები მხოლოდ საქართველოში არ არის, მაგალითად მოლდოვაში, ბელარუსში უამრავი პრობლემაა. შესაძლოა, ის გამოცდილება, რომელიც ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო, დაეხმაროს მას, სხვაგანაც იპოვოს გამოსავალი კრიზისის გადასაჭრის დროს.
რატომ იყო ეს კრიზისი ცუდი საქართველოსთვის... ჩვენი გადმოსახედიდან, არამარტო შიდა საკითხები...საქართველო გარკვეულწილად საჭირო მომენტს უშვებდა ხელიდან ამ კრიზისის დროს, თუმცა ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ის ფაქტი, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ნამდვილად მოწინავე პოზიციაზეა ასოცირების შეთანხმებით ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის თვალსაზრისით და ჩვენ ვთხოვეთ ცნობილ think-thank-ს (CEPS) ბრიუსელში, რომ გარკვეულწილად, ანალიზი გაეკეთებინათ. მათ ჩაატარეს ძალიან საინტერესო კვლევა. შედეგად, დასავლეთ ბალკანეთის და ასევე, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან შედარების შემდეგ, საქართველო ორივე რეგიონში ლიდერი აღმოჩნდა.
საქართველო ნამდვილად ლიდერებს შორისაა, რაც გვაძლევს იმის რწმენას, რომ ევროპარლამენტში, ევროპულ ინსტიტუტებში განვიხილოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის რეფორმის საკითხი, რომ ევროკავშირს ისეთივე პოლიტიკა ჰქონდეს, როგორიც აქვს მაგალითად დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისადმი და შესაძლებელია, ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა უფრო პრაქტიკული ინტეგრაციის გზა შევთავაზოთ.
შესაძლებელია, ეს არის დასაწყისი იმის, რომ გარკვეულწილად წარმოვადგინოთ წინადადება შუალედური სტატუსის შესახებ, რომელიც პირველად გაჟღერდა (sharing everything with the Union but institutions) რომანო პროდის მიერ 2003 წელს. ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყნებს, როგორიც არიან საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ასევე შეუძლიათ, ჰქონდეთ წევრობის ბენეფიტები, რომელიც ასევე გულისხმობს საერთო ბაზრითა და სხვა სიკეთეებით სარგებლობას.
ასე რომ, ვთვლით, ეს არის ის ნაბიჯები, რომლებიც მნიშვნელოვანია, რომ მომავალში გადაიდგას და იმედი მაქვს, საქართველო კრიზისის შემდეგ იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამ იდეის განხორციელებას და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. მთავრობა, მმართველი პარტია აპირებს, რომ ოფიციალური განაცხადი გააკეთოს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე. ასე რომ, საქართველოს ინტეგრაციის ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ თავად ქვეყნისთვის, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნისთვის და შესაძლოა, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისთვის. იმედი მაქვს, ერთად შევძლებთ ამ გზის გავლას არამხოლოდ საქართველოსთან, არამედ ჩემს მიერ ჩამოთვლილ ქვეყნებთან ერთად, რომ ასეთ დიდ იდეებს გარკვეულწილად ბიძგი მივცეთ.
მისასალმებელია Think-Thank-ის საზოგადოების შექმნის იდეა. საქართველოს სჭირდება მეტად ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაცია, როგორც ევროკავშირის ინსტიტუციებში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამისათვის კარგი იქნება, თუკი საქართველო (შესაძლოა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად), შექმნის ერთგვარ ანალიტიკური ცენტრის/პლატფორმას ბრიუსელში, რომელიც ინსტიტუციურ, პოლიტიკურ, სამოქალაქო და ა.შ წრეებთან თანამშრომლობით, ამ სამი ქვეყნის საგარეო მიზნებს მხარს დაუჭერს, ასევე მისასალმებელი იქნება, თუკი საქართველო ინსტიტუციურად ჩაერთვება „ევროპის მომავლის“ კონფერენციაში და ევროგაერთიანების მომავლის შესახებ ხედვას დააფიქსირებს.
ჩვენ, ჩვენი მხრივ ვცდილობთ, ვესაუბროთ დედაქალაქებს, ვცდილობთ, ორგანიზება გავუწიოთ გარკვეული სახის ქსელს - think-thank-თან, პოლიტიკურ საზოგადოებასთან, რომ ვისაუბროთ ახალ იდეებზე, რომ წინ წავიწიოთ და ამისთვის, უკრაინელებთან, ქართველებთან, მოლდოველებთან ერთად, ჩვენ გვჭირდება საერთო სამოქმედო გეგმა და სტრატეგიული კომუნიკაციის გრძელვადიანი ხედვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.
_ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ჰიბრიდული ომის წარმოებისთვის სხვადასხვა ხერხს იყენებს ბევრი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ. არსებობს რიგი ექსპერტების მოსაზრებები, რომ ევროკავშირს უფრო კონსტრუქციული მიდგომა აქვს. როგორ უყურებთ ამ ურთიერთობებს რუსეთის მხრიდან მზარდი აგრესიის ფონზე?
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთთან ურთიერთობაზე, რას ვგულისხმობთ. ზოგიერთ დედაქალაქში ფიქრობენ, მოდით, ვესაუბროთ პუტინს. შევხედოთ, რუსეთი რისგან შედგება - კრემლისგან და ჩვეულებრივი ხალხისგან. მე უფრო მეტად მომხრე ვარ ხალხთან ურთიერთობის და ნაკლებად ასეთი ახალი მცდელობების პუტინთან. პუტინი არ შეიცვლება, მაგრამ რუს ხალხს რუსეთის შეცვლა შეუძლია.
როგორ უნდა დავეხმაროთ რუს ხალხს რუსეთის ტრანსფორმაციაში, არსებობს რამდენიმე რამ - პირველი - დავეხმაროთ ადამიანის უფლებების, ხმის მიცემის უფლების დაცვაში, რომელსაც პუტინი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის. ევროკავშირი და დასავლეთი უნდა უნდა იყვნენ მტკიცენი პოზიციაში, სანქციებით და ასე შემდეგ.
მეორე საკითხი, რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა, რომ დაეხმაროს რუს ხალხს მის მცდელობაში, მოახდინოს რუსეთის ტრანსფორმაცია - ევროკავშირი უნდა იყოს უფრო ძლიერი პოზიციაში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებით. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წარმატება საუკეთესო მაგალითია რუსი ხალხისთვის, რისი მიღწევა შეუძლიათ დემოკრატიული განვითარების გზით.
აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წარმატება რუსეთის წინააღმდეგ ქმედებას არ ნიშნავს, ეს ასევე ნიშნავს რუსეთის დემოკრატიული განვითარებისთვის მხარდაჭერას. პუტინს არ სურს ამ ქვეყნების წარმატება, რადგან თუ რუსი ხალხი უკრაინის და საქართველოს მაგალითს მიჰყვება, პუტინის მსგავსი რეჟიმები ჩამოიშლება.
_როგორ ხედავთ EPP-ს როლს კრიზისის გადაჭრის და საერთოდ, შიდა პოლიტიკურ საკითხებში მის ჩართულობას?
როგორც იცით, ევროპის სახალხო პარტია ევროპარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფში შედის. მიუხედავად იმისა, ვინ არის მთავრობაში და ვინ ოპოზიციაში, საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ისევე როგორც უკრაინა და მოლდოვა.
გვსურს, ზოგადად, ვიხილოთ EPP-ს ოჯახში შემავალი პოლიტიკური პარტიების წარმატება, თუმცა ზოგჯერ ჩვენ არ შეგვიძლია, ქართველ პოლიტიკოსებზე უკეთესი ქართველი პოლიტიკოსები ვიყოთ. ჩემი მოსაზრება იყო ძალიან მარტივი ოპოზიური პარტიების „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მიმართ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი არ მოიტანდა რაიმე სახის პოლიტიკურ დივიდენდებს.
ჩემი რჩევა იყო, თავი დააღწიეთ კრიზისს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაივიწყოთ თქვენი მოთხოვნები. ნუ გააგრძელებთ კრიზისს მუდმივად, რადგან შეიძლება, დაიკარგოს ქართველი ხალხის და საერთაშორისო პარტნიორების ნდობა.