ევროპარლამენტარი კრამონი 19 აპრილის შეთანხმებაზე: ორივე მხარემ საშინელი პოლიტიკური თამაში ითამაშა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელი, რომელიც საქართველოს უახლოეს მომავალში უნდა ეწვიოს, 19 აპრილის შეთანხმების ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე საუბრისას, მხარეების "ცუდ პოლიტიკურ" თამაშებზე მიუთითებს. ამის შესახებ ევროპარლანტარი Twitter-ზე ორ პოსტს აქვეყნებს. ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუს აზიარებს, რომელსაც შემდეგ ტექსტს ურთავს:

"საქართველოში ბოლო დროს განვითარებული შიდა პროცესების შემდეგ ეს ინტერვიუ განსაკუთრებით სასაცილო ჩანს. "ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ გააუქმა ხელმოწერა ევროკავშირთან, 19 აპრილს შეთანხმებაზე", - წერს ევროპარლამენტარი.

რაც შეეხება თავად დავით ზალკალიანის ინტერვიუს შინაარს, მინისტრი ამბობს:

"ჩვენ გვჭირდება 2020 წლის შემდგომი, აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის პერსპექტივა".

კრამონი Twitter-ზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში კი აღნიშნავს:

"სამართლიანობისთვის: უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელი არ მოაწერა შეთანხმებას ევროკავშირთან. ასე რომ, ორივე მხარემ საშინელი პოლიტიკური თამაში ითამა საკუთარი მოქალაქეების ზურგს უკან. ეს არავის არაფერში წაადგება", - წერს ევროპარლამენტარი.

დღეს, "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ანულირებულია 19 აპრილის შეთანხმება, რადგან მან მისია შეასრულა და თავი ამოწურა.