ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მან უკომენტაროდ დატოვა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
ჯერ უცნობია, ვის შეხვდება ევროდეპუტატი.
მანამდე მან განცხადება ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვებაზე გაავრცელა. მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუ გააზიარა, რომელსაც შემდეგი ტექსტი დაურთო: "საქართველოში ბოლო დროს განვითარებული შიდა პროცესების შემდეგ ეს ინტერვიუ განსაკუთრებით სასაცილო ჩანს. "ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ გააუქმა ხელმოწერა ევროკავშირთან, 19 აპრილს შეთანხმებაზე", - წერს ევროპარლამენტარი. რაც შეეხება თავად დავით ზალკალიანის ინტერვიუს შინაარს, მინისტრი ამბობს: "ჩვენ გვჭირდება 2020 წლის შემდგომი, აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის პერსპექტივა". კრამონი Twitter-ზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში კი აღნიშნავს: "სამართლიანობისთვის: უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელი არ მოაწერა შეთანხმებას ევროკავშირთან. ასე რომ, ორივე მხარემ საშინელი პოლიტიკური თამაში ითამა საკუთარი მოქალაქეების ზურგს უკან. ეს არავის არაფერში წაადგება", - წერს ევროპარლამენტარი. დღეს, "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ანულირებულია 19 აპრილის შეთანხმება, რადგან მან მისია შეასრულა და თავი ამოწურა. ცნობისათვის, შარლ მიშელის შეთანხმების განხორციელების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფს ვიოლა ფონ კრამონი ხელმძღვანელობდა.
ის ევროპარლამენტის ინიციატივით ჩაუდგა სათავეში სამუშაო ჯგუფს, რომლის მიზანიც ქართველ დეპუტატებთან ერთად შარლ მიშელის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებაში გაწერილი მიზნების მისაღწევად მუშაობა იყო.
კრამონი აცხადებდა, რომ ივლისში საქართველოში ჩამოვიდოდა და ევროპარლამენტის სახელით მოლაპარაკებებს გამართავდა.
ევროპარლამენტის მიერ მშვიდობისა და დემოკრატიისათვის შემუშავებული ინსტრუმენტი, ჟან მონეს დიალოგი საპარლამენტო მედიაციასა და დიალოგს აერთიანებს.
ეს ფორმატი ითვალისწინებს პოლიტიკური ლიდერების დიალოგს კონსენსუსის მისაღწევად, ეროვნული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
ცნობისათვის, 24 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტმა საქართველოში ე.წ. ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორებად ევროდეპუტატები მირიამ ლექსმანი და მარინა კალიურანდი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც განცხადებაშია იყო აღნიშნული ლექსმანი და კალიურანდი, გერმანელ ევროდეპუტატ ვიოლა ფონ კრამონთან ერთად ხელს შეუწყობენ დიალოგს და დემოკრატიული საპარლამენტო კულტურის გაუმჯობესებას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში.