ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარ, ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმება იყო რთულად მოპოვებული გამარჯვება და მმართველი პარტიის მხრიდან ამ შეთანხმებიდან გასვლა ცუდი სიგნალია.
Europetime-თან კომენტარში კუბილიუსი იმედოვნებს, რომ ყველა მხარეს ესმის, გაზრდილი დაპირისპირება სასწორზე დებს ქვეყნის მომავალს და ევროპული რეფორმების პროგრესს.
„იმედი მაქვს, იპოვიან გზას უთანხმოების გადასალახად“, - აღნიშნავს ანდრიუს კუბილიუსი.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ კარგავს საერთაშორისო ნდობას და, სამწუხაროდ, იგივე ხდება საქართველოზეც. ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება არჩევნებისთვის მოსამზადებლად კარგი საფუძველი იყო, ახლა კი გაუქმებულია ეს შეთანხმება.
„ვერ გეტყვით, რამდენად შეუძლია ამ ნაბიჯს, ხელი შეუწყოს პოლარიზაციის შემცირებას და უზრუნველყოს პოლიტიკური დიალოგი. საერთაშორისო პარტნიორებს სურთ, დაეხმარონ საქართველოს ევროპული რეფორმების გზაზე და ევროკავშირმა ეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი ჩართულობით აჩვენა“, - აღნიშავს ანდრიუს კუბილიუსი.
ცნობისთვის, 29 ივლისს, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ მისია ამოწურა. „ქართული ოცნების“ განცხადებით ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“.
ამავე თემაზე: ექსპერტები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას აფასებენ