საქართველოს მთავრობა თურქეთს დახმარებას სთავაზობს

საქართველოს მთავრობა მზადაა, მეზობელ თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოუჩინოს. ამ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია თურქეთის სამხრეთ რეგიონებში ტყის მასშტაბურ ხანძართან დაკშვირებით ავრცელებს და პრემიერის კომენტარს ურთავს, რომლის თანახმად რაკლი ღარიბაშვილი თურქ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს.

„გულისყურით ვადევნებთ თვალს ჩვენი მეგობარი ქვეყნის, სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის სამხრეთ რეგიონებში ტყის მასშტაბური ხანძრის შესახებ გავრცელებულ ცნობებს. გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ და თანავუგრძნობ ჩვენს მეგობარ თურქეთს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების და იმ ზიანის გამო, რომელიც თურქეთს მიადგა. საქართველო სოლიდარობას უცხადებს თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას ამ განსაცდელის ჟამს. საქართველოს მთავრობის სახელით, მზად ვარ, მეზობელ თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოვუჩინო”, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

სამხრეთ თურქეთში, 40-მდე ლოკაციაზე ტყის ხანძრებს ებრძვიან. 6 ადამიანი დაიღუპა. 275 დაშავდა.

ცეცხლის ჩაქრობას 2 ათასამდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს. სამუშაოში ჩაერთვნენ თვითმფრინავები, ვერტმფრენები და წყლის ავზით აღჭურვილი ავტომობილები.

თავდაპირველად, ტყის ხანძარი სამი დღის წინ, ანტალიაში, მანავგატის დასახლებაში გაჩნდა.