ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი საქართველოში „დელტა“ შტამის სწრაფი გავრცელების ფონზე, შეზღუდვების შემოღების მომხრეა. თუმცა ამავე დროს მიიჩნევს, რომ ჯარიმების ჩამოწერა, მოქალაქეების მიერ რეკომენდაციების დაცვაზე უარყოფითად იმოქმედებს. იქედან გამომდინარე, რომ `ვაქცინაცია ვირუსის გავრცელების არსებულ ტემპს ვერ ეწევა“, თვლის, რომ „შეზღუდვების დაწესება მაინც აუცილებელია“. კითხვაზე, როდის დასრულდება პანდემია, პასუხობს, რომ კიდევ ორი წელი ვირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს. Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ის აცხადებს, რომ თუ მოიმატა აცრილებში შემთხვევების რაოდენობამ და ლეტალობა გაიზარდა, ალბათ სპეციალისტები იტყვიან, რომ საჭირო იქნება ახალი ვაქცინის შექმნა, „დელტა“ შტამის გენოტიპი კი უკვე იციან და მისი საწინააღმდეგო ვაქცინა სწრაფად გაკეთდება. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე, Europetime ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროს მრჩეველ, ზაზა წერეთელთან ინტერვიუს გთავაზობთ.
ზაზა წერეთელი: „დელტა“ შტამი 100-ზე მეტ ქვეყანაში გახდა დომინანტური. როდესაც მაისში, „დელტა“ შტამზე დაიწყო ლაპარაკი, დადგინდა, რომ ეს შტამი ძალიან სწრფად ვრცელდება. როდესაც ქვეყანაში პირველი შემთხვევა გამოვლინდა, საქართველოში უნდა ეფიქრათ, რომ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებდა. სწორედ ამ დროს მოხსნა საქართველომ თითქმის ყველა შეზღუდვა, გახსნა საზღვრები, რამაც ხელი შეუწყო იმ ქვეყნებიდან ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას, სადაც დელტა „შტამი“ იყო დომინანტური. ამას დაემატა ის, რომ მოქალაქეები რეგიონებში, განსაკუთრებით აჭარაში, რომელიც ტურისტული ეპიცენტრია, თითქმის აღარ ატარებდნენ პირბადეს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო გამოცდილებით, „დელტა“ შტამი ასეთი ვერაგია, საქართველომ სამწუხაროდ, არ მიაქცია ყურადღება და მხოლოდ ფართოდ გავრცელების შემდეგ დაიწყეს ფიქრი, რა უნდა გაეკეთებინათ.
_მასობრივი ვაქცინაციის დაწყების პერიოდიც სწორედ ამ შტამის გავრცელებას დაემთხვა, თუმცა ტემპი არც ისე მაღალია, როგორც ვარაუდობდნენ...
ვაქცინაციის ტემპზე ლაპარაკი დადებითად შეუძლებელია, რადგან ძალიან მცირე მოცვაა. საქართველომ ძალიან სუსტი საინფორმაციო კამპანია ჩაატარა, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ ვაქცინაცია და ორჭოფობენ. აღსანიშნავია, რომ „დელტა“ შტამმა მოიკიდა ფეხი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ისრაელი, დიდი ბრიტანეთი, სადაც აცრილთა რაოდენობა მაღალი იყო. ჩვენს ქვეყანაში კი, როდესაც „დელტა“ შტამი გავრცელდა, სულ სამი პროცენტი იყო აცრილი. წარმოიდგინეთ, იმ ქვეყნებს გაუჭირდათ, სადაც 60%-იანი მოცვა იყო. შესაბამისად, შეზღუდვების მოხსნა იყო ძალიან სარისკო ნაბიჯი, რომელმაც არ გაამართლა და ამიტომაც გვაქვს შემთხვევების ზრდა. ადრე, ქვეყნების მთავრობები ამბობდნენ, რომ ვაქცინით მოსახლეობის 60%-მდე უნდა აცრან, ახლა ეს მაჩვენებელი 80%-მდე უნდა ავიდეს. ასე თუ გაგრძელდა საქართველოში, 60%-ის აცრაც კი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. თითოეულ დღეს აქვს მნიშვნელობა, აგვისტოს შუა რიცხვებისთვის შემთხვევების ალბათ კიდევ უფრო ზრდას უნდა ველოდოთ. სამწუხაროდ, ვაქცინაციის ეს ტემპი ვერ ეწევა „დელტა“ შტამის გავრცელებას. ამიტომ, შემოდგომა შეიძლება, ძალიან რთული იყოს საქართველოსთვის. „დელტა“ შტამი ძალიან ვრცელდება ახალგაზრდებსა და ბავშვებში. თუ შემთხვევების დიდი რაოდენობა დაფიქსირდა, შესაძლოა, სკოლებში სწავლა ონლაინ გაგრძელდეს.
_ცნობილია, რომ ერთი დოზით აცრის შემთხვევაში „დელტა“ შტამისგან დაცვა 30%-ს აღწევს. ეს ყველა ვაქცინის შემთხვევაში ასეა თუ არის გამონაკლისები?
კვლევები ჩატარებულია Moderna-ზე, Pfizer-სა და Aztrazeneca-ზე და ეფექტიანობა ერთი დოზით აცრისას 30-დან 33%-მდეა. ეს შედეგები არ არის ცნობილი ჩინურ ვაქცინებზე. ასევე არაფერი ვიცით რუსულ ვაქცინაზე. ახლა უკვე ისრაელშიც გამოჩნდა შემთხვევები Pfizer-ით ორჯერადად აცრილებში და ეფექტიანობა იმისა, რომ საერთოდ არ დაგემართოთ ვირუსი, 88-დან 65%-მდე ჩამოვიდა. თუმცა 90%-ით იცავს ეს სამივე ვაქცინა ჰოსპიტალიზაციისა და დამძიმებისგან. ამერიკელებმა ჩაატარეს კვლევა, რომ იმდენად ძლიერი შტამია „დელტა“, აცრილ ადამიანშიც რომ შეიჭრება, ორგანიზმში ვირუსების რაოდენობა მაინც ძალიან დიდია. არააცრილ ადამიანში კი ვირუსული დატვირთვა ათასჯერ მეტია, ვიდრე ეს იყო „ალფა“ (ბრიტანული) შტამის დროს.
სწორედ ამიტომ დაიკლო ვაქცინების ეფექტურობის დონემ, თუმცა ვირუსს უმკლავდებიან და ჰოსპიტალიზაცია არ ხდება. რადგანაც აცრილებსაც შეიძლება დაემართოს და უსიმპტომოები იყვნენ, ამერიკელების რეკომენდაციაა, რომ აცრილმა პირბადე ისევ უნდა ატაროს, რადგან არააცრილი ადამიანი შეიძლება ძალიან მარტივად დაასნებოვნოს. ორნახევარჯერ უფრო მეტია ჰოსპიტალიზაცია არააცრილებში „ალფასთან“ შედარებით. 5-ჯერ უფრო მეტია ჰოსპიტალიზაცია იმ ვირუსთან შედარებით, რომელიც ვუჰანიდან წამოვიდა.
_ასეთ ვითარებაში მესამე დოზით აცრის ვარაუდებს და უკვე არსებულ პრაქტიკას როგორ უყურებთ?
მიმდინარეობს მსჯელობა, იქნება თუ არა საჭირო მესამე დოზა. Pfizer-ი ამბობს, რომ ამის მომხრეა. ზოგის ვარაუდით, ეს ფარმაცევტული კომპანიის ინტერესია, რადგან დიდი შემოსავალი მიიღეს. ამიტომ, ეპიდემიოლოგები, მეცნიერები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებენ, რომ ჯერ თავი უნდა შევიკავოთ და გავიდეს გარკვეულ პერიოდი, დავაკვირდეთ. ისრაელმა გადაწყვიტა მესამე დოზით აცრის დაწყება, რადგან ნახა, რომ ორჯერადად აცრილები დაინფიცირდნენ, თუმცა ისრაელმა მკაფიოდ განაცხადა, რომ 60 წელს გადაცილებულების და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების აცრას დაიწყებს. ისრაელის შედეგი გახდება ალბათ სხვა ქვეყნებისთვის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
_რაც შეეხება ჩინურ ვაქცინებს, „დელტა“ შტამის მიმართ ეფექტიანობაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
ინფორმაციის ნაკლებობაა პრობლემა. თუ Moderna-ს, Pfizer-ის და Aztrazeneca-ს შემთხვევაში მუდმივად ხდება ინფორმაციის განახლება, თუ როგორ მუშაობს ეს ვაქცინები, ჩინურ ვაქცინებთან მიმართებით ცოტა რამ ქვეყნდება. შესაბამისად, მათ ეფექტიანობაზე მსჯელობა ძალინ რთულია. ცხადია, ჩინელები ამბობენ, რომ მათი ვაქცინა ეფექტურია, თუმცა პროცენტებში როგორ გამოიხატება „დელტა“ შტამისადმი ეფექტიანობა, რთული სათქმელია, მით უმეტეს, ჩინური ვაქცინები დამზადებულია ვუჰანის ვაქცინის სტილზე და იმდენად შეიცვალა ეს შტამი მას შემდეგ, რომ ეფექტიანობაზე საუბარი რთულია. გარკვეულმა ქვეყნებმა, ბაჰრეინმა, ჩილემ და ემირატებმა, სადაც ჩინური ვაქცინით აიცრნენ, გადაწყვიტეს, რომ Pfizer-ის მესამე დოზა დაემატებინათ. ერთი უნდა ითქვას, რომ ვაქცინების უმეტესობა ჰოსპიტალიზაციას და ლეტალობას ამცირებს.
_სწრაფი გავრცელება ხომ არ უკავშირდება იმას, რომ გარკვეულწილად, ამ შტამის დიაგნოსტიკა შედარებით გართულდა?
სიმპტომატიკა არის ჩვეულებრივი გაციების მსგავსი. შესაბამისად, ბევრი ახალგაზრდა თვლიდა, რომ თუ დააცემინებდა, ჩვეულებრივ გაცივდნენ და აგრძელებდა აქტიურ ცხოვრებას. სწორედ ამან გამოიწვია სწრაფად გავრცელება. ამერიკაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები ანადგურებენ „დელტას“ ისე, რომ ფილტვებამდე არ მიაღწიოს, თუმცა რჩება ცხვირ-ხახაში და სამწუხაროდ, ჩვენს ვაქცინებს არ აქვთ ის მექანიზმი, რომ ცხვირ-ხახაში ვირუსს მოერიოს. ამიტომ შეუძლია აცრილ ადამიანს, გაავრცელოს ვირუსი და ამიტომ არის აუცილებელი პირბადე.
_აქედან გამომდინარე, ხომ არ ხედავთ საჭიროებას, „დელტა“ შტამის წინააღმდეგ შეიქმნას ვაქცინა?
ლეტალობა არ შეცვლილა. უფრო სწრაფად ვრცელდება ეს ვირუსი, რაც პრობლემაა ჯანდაცვის სისტემისთვის. თუმცა აკვირდებიან და როგორც ამბობენ, თუ მოიმატა აცრილებში შემთხვევების რაოდენობამ და ლეტალობა გაიზარდა, ალბათ იტყვიან, რომ საჭირო იქნება ახალი ვაქცინის შექმნა. Moderna-მ, Pfizer-მა „დელტა“ შტამის გენოტიპი იციან და მისი საწინააღმდეგო ვაქცინა სწრაფად გაკეთდება, თუმცა შტამები ხომ არ ქრება, შეიძლება, ახალი გამოჩნდეს. ვიდრე არიან აუცრელი ადამიანები, ვირუსს აქვს საშუალება, რომ გამრავლდეს. იმდენად წინ წავიდა მეცნიერება, (ამერიკელ და გერმანელ მეცნიერებში) რომ ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, შექმნან პოლივაქცინა, რომელიც ყველა შტამზე იმოქმედებს.