თბილისში მოტოინსპექცია შეიქმნა

თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ დედაქალაქში ურბანული წესრიგის დაცვის მიზნით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ ახალი პროექტი - მოტოინსპექცია შეიქმნა.


კახა კალაძის თქმით, მოტოინსპექცია დედაქალაქის იერსახის, გარემოს დანაგვიანების და აკუსტიკური ხმაურის კონტროლს, ასევე, სამშენებლო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოპერატიულ რეაგირებას განახორციელებს.


„ურბანული წესრიგის დაცვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა. ამჯერად, გაგაცნობთ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის პროექტს, რომელიც დაგვეხმარება დროში ეფექტურად და ოპერატიულად ვმართოთ წესრიგის დაცვის ღონისძიებები დედაქალაქის ტურისტულ და ისტორიულ ზონებში, ცენტრალურ მოედნებსა და გამზირებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მანვე განაცხადა, რომ მოტოინსპექცია აღიჭურვა ევროპული სტანდარტის ტრიციკლებით, სპეცეკიპირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით. სამსახურის მიერ შესყიდულია 20 ერთეული ტრიციკლი.