რა საკითხები განიხილა პრეზიდენტმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას

ორბელიანის სასახლეში პრეზიდენტი დღეს ოპოზიციისა და მმრათველი გუნდის წარმომადგენლებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა ჯერ მმართველი პარტიის ლიდერები მიიღო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, საუბრის მთავარი განსახილველი საკითხი 19 აპრილის შეთანხმება იყო.

პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეთანხმება ანულირებულია და უფრო მეტიც, ასეთი ტიპის შეთანხმებას მმართველი პარტია ხელს არასოდეს მოაწერს.

„რაც შეეხება ამ შეთანხმებას, მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამ შეთანხმებას აღარ დავუბრუნდებით. არათუ ამ შეთანხმებას არ დავუბრუნდებით, გამორიცხულია, რომ მომავალში კიდევ ერთ მსგავსი ტიპის შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, როგორი ხელოვნური კრიზისიც არ უნდა შექმნას რადიკალურმა ოპოზიციამ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი გულისხმობს თუნდაც დროებით, მაგრამ კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას. ჩვენ ქვეყანას უნდა გავუფრთხილდეთ და არცერთ შემთხვევაში აღარ უნდა დავუშვათ ის, რომ ქვეყანა თუნდაც დროებით გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით კი, საქართველოს პრეზიდენტს, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორებს კარგად ესმით, რომ 19 აპრილის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება, ჯერ კიდევ რჩება დღის წესრიგში და რომ ამ ვალდებულებების შესრულებაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან უარის თქმა უკიდურესად დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის.

„ამიტომ, აქ ჩვენი საუბრის მთავარი თემა იყო, არის თუ არა კიდევ სივრცე იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შესაბამისად გაიაზროს, რა შედეგები მოჰყვება მათი მხრიდან მცდელობას, რომ გააგრძელონ პოზიციონირება, რომ ამ შეთანხმებას არ აქვს შესაბამისი სავალდებულო ძალა მათთვის, მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე ძალიან ნათლად ამბობს, რომ ამ შეთანხმებით არსებული ვალდებულებების შესრულების მოლოდინია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან და მათ შესრულებაზე უარის თქმა, პირდაპირ მიაყენებს დარტყმას „ქართული ოცნების“ ლეგიტიმურობას ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში. ჩემი აზრით, დღეს რაც უფრო მეტი პოზიცია დაფიქსირდება შეთანხმების მხარდამჭერი და რაც უფრო მეტი ადამიანი იტყვის თუ რა შედეგები მოჰყვება „ქართული ოცნების“ პოზიციას, პირველ რიგში, თავად „ქართული ოცნებებისთვის“, მაგრამ ასევე ქვეყნისთვის, მით უკეთესი იქნება თვით პროცესისთვი,“- განაცხადა სამადაშვილმა.

პარტია ,,ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით მათ პრეზიდენტს პარტიის პოზიცია გააცნეს.

„ჩვენ მას გავაცანით „ლელოს" პოზიცია. ვუთხარით, რომ ეს ხელშეკრულება არსებობს მანამ, სანამ მისი წევრები და გარანტორები ამ ხელშეკრულების ნაწილია, მათ შორის პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ის პარტიები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას. ამგვარი შეთანხმებები ასე არ ირღვევა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ ბრძოლას გავაგრძელებებთ ხელშეკრულების შესრულებისთვის ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ერთად, რასაც ჰქვია ქვეყანაში სასამართლო სისტემის მთლიანი რეფორმა, 43%-იანი ბარიერი და ა.შ. ასე, რომ ყველა მეთოდს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოში დადგეს რიგგარეშე არჩევნები და ქვეყანა გადავიდეს კოალიციურ მმართველობაზე", - განაცხადა ხაზარაძემ.

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით მისი პარტიის პოზიცია დააფიქსირა.

„ქალბატონ პრეზიდენტთან საუბარი გვქონდა შარლ მიშელის დოკუმენტზე და მას აინტერესებდა, როგორი იყო ჩვენი დამოკიდებულება. მოვუყევი „გირჩის“ დამოკიდებულება, თუ რას ნიშნავს ეს ჩვენთვის და გვგონია, რომ ქალბატონი სალომესთვის საინტერესო იყო ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ გვქონდა კრიზისი და ფაქტობრივად, მიშელის შეთანხმება, რომელიც არის, თავისი შინაარსით, ეს ჩვენი კონსტიტუციური ჩარჩოა, ვინდაიდან არ გვყავდა არცერთი ინსტიტუტი, რომელსაც ვენდობოდით, ამ ადამიანებმა კი შეასრულეს ეს როლი. დღეს, ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ უმცირესობა, ანუ ის 10% დაგვაიგნორა და ამავე დროს, არ გაითვალისწინა ის, რომ მე მასთან კი არ მქონდა კონტრაქტი, არამედ კონტრაქტი მქონდა შუამავლებთან, ანუ ევროკავშირთან და ამერიკასთან. მე ამას ასე ვუყურებ და ეს მოვუყევი ქალბატონ სალომეს. მკითხა, როგორია ჩვენი დამოკიდებულება არჩევნებთან მიმართებით და ვუთხარი, რომ არჩევნებთან სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება გვქონდა ჩვენ, ვიდრე კობახიძის ეს განცხადება იქნებოდა. ბუნებრივია, სხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ როგორც მე შევამჩნიე, თვითონ პრეზიდენტი, ამ საუბრებით, რაც ჩემთან ჰქონდა და ალბათ, სხვებთანაც ექნება, თავად ყალიბდება საკუთარ პოზიციაზე და ჩემთვის პოზიცია არ უთქვამს“, - აცხადებს მეგრელიშვილი.

პრეზიდენტთან შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლები.

როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, პრეზიდენტთან შეხვედრას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ სალომე ზურაბიშვილი მკაფიო და კრიტიკულ პოზიციას დააფიქსირებს მმართველი გუნდის მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებასთან დაკავშირებით.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, პრეზიდენტთან შეხვედრების გამართვა ილუზიის შექმნაა.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მიწვეული ვიყავით პრეზიდენტთან შეხვედრაზე, მაგრამ უარი ვთქვით, რადგან არცერთი კრიტიკული განცხადება ამ დღეების განმავლობაში არ მოგვისმენია ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მონაწილე და გარანტი ამ შეთანხმების შესრულების იყო პრეზიდენტი ზურაბიშვილი და მას აქამდეც უნდა გაეკეთებინა განცხადება. თუ ის კრიტიკულ პოზიციას დაიჭერს, იქნება მკაფიო და სამართლიანი ამ პროცესში, მზად ვართ, ამის მერე შევხვდეთ. ნამდვილად არ მინდა მოხდეს ისე, რომ ოპოზიცია კვლავ გამოიყენოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, როგორც გამოიყენა ვეტოს დადების დროს, როცა ილუზია შექმნა, ვითომ ოპოზიციასთან კონსულტაცია გამართა, შემდეგ კი გადაწყვეტილება არ მიიღო. ცოტა ასეთი სუნი მცემს ამ შემთხვევაში. ქალბატონო სალომე, თუ გინდათ რეალურად ესაუბროთ ოპოზიციას, გადადგით ქმედითი ნაბიჯები და არა ის, რომ უბრალოდ შექმნათ ანტურაჟი, თითქოს თქვენ რეალურად გაღელვებთ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების საკითხი საქართველოში. ის უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ „ქართული ოცნება“ უნდა დაუბრუნდეს შეთანხმებას, რომ მან დაარღვია ყველა საერთაშორისო პირობა ოპოზიციასთან. არაფერზე საუბარი და მერე კიდევ არაფრის გაკეთება, ეს არის ძალიან ცუდი. თუ ის რეალურ ნაბიჯს გადადგამს, მერე მზად ვარ შევხვდე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, 28 ივლისს პარტია ,,ქართული ოცნება" 19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმებამ ,,თავი ამოწურა".

აღნიშნულთან დაკავშირებით, შარლ მიშელმა და სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში არაფორმალური შეხვედრა გამართეს.

შარლ მიშელმა და სალომე ზურაბიშვილმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს.