მოკავშირეები კვლავ შეშფოთებულნი არიან ირანის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებებით რეგიონში და მოუწოდებენ თეირანს, დაიცვას თავისი საერთაშორისო ვალდებულებები. ამასთან დაკავშირებით NATO განცხადებას ავრცელებს.
„ჩვენ ვუერთდებით მოკავშირეებს და მტკიცედ ვგმობთ ბოლოდროინდელ თავდასხმას ომანის მახლობლად. ვუსამძიმრებთ რუმინეთსა და გაერთიანებულ სამეფოს იმ ზარალისათვის, რაც მათ განიცადეს. ნავიგაციის თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია NATO-ს ყველა მოკავშირისთვის და უნდა იყოს დაცული საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. გაერთიანებულმა სამეფომ, შეერთებულმა შტატებმა და რუმინეთმა დაასკვნეს, რომ ირანი პასუხისმგებელია ამ ინციდენტზე. მოკავშირეები კვლავ შეშფოთებულნი არიან ირანის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებებით რეგიონში და მოუწოდებენ თეირანს, დაიცვას თავისი საერთაშორისო ვალდებულებები“, - აღნიშნულია NATO-ს განცხადებაში.
თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ისინი რუმინეთისა და ბრიტანეთის მოქალაქეები იყვნენ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბრიტანელ კოლეგებს ესაუბრა უფრო მკაცრი ზომების აუცილებლობაზე.
„ირანი არ არის მხოლოდ ისრაელის პრობლემა, ის ტერორიზმის, დესტრუქციისა და დესტაბილიზაციის ექსპორტიორია, რაც ჩვენ ყველას გვაყენებს ზიანს", - განაცხადა მინისტრმა.
აშშ-მა განაცხადა, რომ ვითარებას ყურადღებით აკვირდება. მისი ინფორმაციით, ომანის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერზე დრონით იერიში განხორციელდა.