შარლ მიშელის შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლის თაობაზე პრეზიდენტის განცხადებას „დაბალანსება აკლდა“, მიიჩნევს პარლამენტის ვიცე-სპიკერი უმრავლესობიდან, გიორგი ვოლსკი.
მან ჟურნალისტებს განუცხადა, „როცა ვითარებას აფასებ, უფრო ზუსტი და დაბალანსებული უნდა იყო“.
თავისი შეფასება ვოლსკიმ იმით ახსნა, რომ შეთანხმებიდან გასვლა ერთია, რასაც სერიოზული საფუძველი და წინაპირობა აქვს და მეორეა, როცა შეთანხმებას საერთოდ არ უერთდები, რაზეც მისივე აზრით, პრეზიდენტს მეტი აქცენტი უნდა გაეკეთებინა.
„პრეზიდენტმა გაანალიზა ისე, როგორც ხედავს, გაანალიზა შედეგები. ცუდია შედეგი, როცა პოლიტიკურ ასპარეზზე პოლიტიკური სუბიექტები რესურსს ვერ ნახულობენ, რათა ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე საერთო პოზიციები შეიმუშაონ, მაგრამ როცა ვითარებას აფასებ, უნდა იყო უფრო ზუსტი და დაბალანსებული. მმართველ პარტიას გარკვეული ვალდებულებები აქვს, მაგრამ რეალობაა ისიც, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" დესტაბილიზაციის სტრატეგიაზე უარი არასდროს უთქვამს. ამის არ დანახვა სწორი არ არის. პრეზიდენტი ეცადა, ასე თუ ისე სიტუაცია უფრო მეტად დაბალანსებული გამოეყვანა, პრაქტიკულად არაობიექტური შეფასება მისცა იმ ნაწილს, რასაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან დესტრუქციული პროცესების განვითარების ინტენსიური მცდელობა ჰქვია. მან ასეთი განცხადების გაკეთება გადაწყვიტა. საზოგადოების დიდ ნაწილს კარგად ესმის, თუ საით მიდის სტრატეგია, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია მიყვება", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მმართველი გუნდი თვლის, რომ 19 აპრილის შეთანხმება ბოლომდე, ოპოზიციური პარტიების დესტრუქციულობის გამო ვერ შესრულდა.
„სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებში, ობიექტურად უნდა ითქვას, რომ ნამდვილად ბევრი სწორი გზავნილი იყო; „ქართულმა ოცნებამ“ იმდენად დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომ პრეზიდენტმაც კი ვერ შეძლო ამის გამართლება.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ” იმდენად დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღო ამ შეთანხმებიდან გასვლის სურვილის თვალსაზრისით, რომ პრეზიდენტმაც კი ვერ შეძლო ამის გამართლება. ცდილობდა, რომ რაღაც შუალედი დაეჭირა, მაგრამ ისინი ბევრ ნაწილში დაადანაშაულა და თქვა, რომ ასე ჩვენ დასავლეთ პარტნიორებში ნდობას ვერ მოვიპოვებთ. „ქართული ოცნება“ გაიქცა შეთანხმებიდან, რადგან მათ მხოლოდ 28% აქვთ და არ შეუძლიათ ეს 28% გახდეს 43%. სისუსტიდან გამომდინარე გაიქცნენ შეთანხმებიდან. საზოგადოებაში აზრი უკვე მომწიფებულია, რომ 43%-ის შემთხვევაში ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს, საერთაშორისო პარტნიორებიც შეგუებული არიან. არაფერი შეცვლილა, „ქართული ოცნება“ ცდილობს, აღებულ ვალდებულებას თავი აარიდოს”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
„გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, პრეზიდენტის განცხადება ადეკვატურია, თუმცა მხოლოდ საუბარი არაფერს შველის და თავის დროზე პრეზიდენტს კარგი იქნებოდა ოპოზიციის მოსაზრებები გაეთვალისწინებინა და კანონპროექტზე, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებდა, ვეტო დაედო, რადგან ის მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა.
პრეზიდენტი ცდილობს, საკუთარ თავზე ზეპარტიული ფუნქცია აიღოს და ეს ლოგიკურია, თუმცა მისი განცხადების შინაარსი გარკვეულ კრიტიკას იმსახურებს, განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.
დეპუტატის დასკვნით, პრეზიდენტს მოვლენების შეფასებების გარკვეული გარემოებები მხედველობაში უნდა მიეღო.
ა„რ მგონია, სწორად იყო წარმოჩენილი ვითარება, მათ შორის განსაკუთრებით ის გარემოება, რაც ითქვა, თითქოს, ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდა, კონსტრუქციულად მუშაობდა და მოწმენდილ ცაზე მეხივით იქნა მიღებული გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე, რეალურად, ეს ასე არ არის. ზოგადად, მისი მხრიდან გულის დაწყვეტა გასაგებია, რადგან დოკუმენტის თავდაპირველი ფუნქცია ყველასგან მისალმებული იყო და კარგი ინიციატივა იყო ამ თვალსაზრისით, მაგრამ მოგვიანებით რა ფორმაც მიიღო, როგორი იყო ცალკეული პარტიების დამოკიდებულება, სრულიად განსხვავდებოდა იმ პათოსისგან, რასაც ეფუძნებოდა შეთანხმება და ბუნებრივია, ამას მხედველობაში მიღება სჭირდებოდა. მგონია, რომ 19 აპრილის შეთანხმების შესაძლებლობები ამოწურულია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, რატომაც არ მოვაწერეთ ჩვენ ხელი მიშელის შეთანხმებას, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა.
მისივე თქმით, ამას სჯობდა, პრეზიდენტს თავის დროზე გაეკეთებინა განცხადება, როცა „ქართული ოცნება“ უკვე შეთანხმებულ დოკუმენტს არღვევდა პარლამენტში მიღებული კანონპროექტებით.
„მე ვგულისხმობ ამნისტიის შესახებ კანონს, მართლმსაჯულების რეფორმას - არცერთი განცხადება სალომე ზურაბიშვილისგან ჩვენ ამ პერიოდში არ მოგვისმენია. საბოლოო ჯამში მან გააკეთა ეს განცხადება მხოლოდ იმის გამო, რომ ძალიან დიდია ამ დღეებში წნეხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. რაც შეეხება სანქციებს, ეს არის გარდაუვალი პროცესი იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც გადაუხვევს არჩეულ კურსს და დაკარგავს პარტნიორების ნდობას“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შესახებ ადეკვატურად შეაფასა.
„ქალბატონი პრეზიდენტის განცხადებას მივესალმები. მან ადეკვატურად, შესაბამისად შეაფასა „ქართული ოცნების“ ეს რადიკალური ნაბიჯი. ხაზი გაუსვა, რომ ევროპულ ოჯახში ყოფნა ნიშნავს სიტყვის ერთგულებას. რაც მთავარია, მან ხაზი გაუსვა, რომ მარტო დარჩენა და იზოლაციონიზმი ნიშნავს, რომ ქვეყანა შესუსტდება და ამით ისარგებლებს მთავარი, ვინც ჩასაფრებულია იმისთვის, რომ დაიმორჩილოს ეს ქვეყანა“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს. სიმპტომატური კი აქ ის არის, რომ ისე ღრმად შეტოპა „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა“ საერთაშორისო იზოლაციაში და ქვეყნის შიგნით, საკუთარ მოქალაქეებთან, რომ „უპასუხისმგებლო ზურაბიშვილიც“ კი საჭიროდ თვლის, თავი დაიზღვიოს და დისტანცია დაიჭიროს.
„ეს ნიშანდობლივია, მეტს ეს არაფერს ნიშნავს. ზურაბიშვილს არც გავლენა აქვს და მოვლენებზე პასუხისმგებლობა არც არასდროს აუღია“, - აღნიშნა ბოკერიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა დისტანცირება მოახდინა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებისგან, რომელიც უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება მმართველი გუნდისთვისაც და, სამწუხაროდ, ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, - განაცხადა ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს.
„ეს აჩვენებს იმას, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს დღეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიკრიფოს ნებისყოფა და კიდევ ერთხელ, შესაძლოა, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
3 აგვისტოს, პრეზიდენტმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, თავის ვრცელ განცხადებაში საქართველოს ერთ-ერთ გამოწვევად ევროპულ გზა დაასახელა. ამ კონტექსტში მან 19 აპრილის შეთანხმებაზე ისაუბრა.
„ამ დოკუმენტის შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის ყოველგვარი რესურსი და ხელის არ მოწერით განიცადეს ერთგვარი მარგინალიზაცია! ამდენად, არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა, რითაც ხსნის დოკუმენტის ანულირებას. დოკუმენტი ამ პოლარიზაციას ამცირებს, ასუსტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი, ყველაფრის მიუხედავად გაგრძელდება. ეს არის უალტერნატივო გზა, სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის გამყარებისაკენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზოგადოებამ აირჩია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სიტყვა კი დაიწყო იმით, რომ „საქართველო დგას გზაჯვარედინზე, გზგასაყარზე, როგორც არაერთხელ თავისი ისტორიის განმავლობაში“.