CNN - აშშ „ღია ცის ხელშეკრულებიდან“ ოფიციალურად გავიდა

აშშ "ღია ცის ხელშეკრულებიდან" ოფიციალურად გავიდა. ამის შესახებ CNN-ი წერს. ტელეკომპანია სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ექვსი თვის შემდეგ მოხდა.

შეერთებულმა შტატებმა ღია ცის ხელშეკრულების დატოვების შესახებ 21 მაისს განაცხადა და ამის მიზეზად, რუსეთის მხრიდან შეთანხმების პირობების თვითნებური ინტერპრეტაცია და პერიოდული დარღვევა დაასახელა. სახელმწიფო ვალდებულია, ღია ცის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ხელშემკვრელი მხარეები 6 თვით ადრე გააფრთხილოს. აშშ მზადაა, ამ 6-თვიან ვადაში გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას, თუ რუსეთი ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას დაუბრუნდება.

რუსეთის მიერ ხელშეკრულების დარღვევის მაგალითებად აშშ-მა დაასახელა:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების – გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენებისთვის 10-კილომეტრიანი შემზღუდავი ზოლის დაწესება;

საწვავის შემვსები აეროდრომის ანექსირებულ ყირიმის ტერიტორიაზე განსაზღვრა, რაც აშშ-ის შეფასებით, წარმოადგენს რუსეთის მცდელობას, განამტკიცოს უკანონო განაცხადი ნახევარკუნძულის ანექსიის შესახებ;

დისტანციის დაწესება ფრენებზე კალინინგრადის ოლქთან, სადაც, მედიის ცნობით, რუსეთმა ბირთვული რაკეტები განათავსა და სამხედრო ინფრასტრუქტურა განაახლა.

აშშ-ისა და კანადისთვის რუსეთის სამხედრო წვრთნებზე ერთობლივი სადამკვირვებლო ფრენის შეზღუდვა 2019 წელს.

რუსეთის მიერ შეთანხმების დარღვევის გარდა, ხელშეკრულებიდან გასვლის ერთ-ერთ ოფიციალურ მიზეზად აშშ-მა ასევე დაასახელა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე სადამკვირვებლო მისიის ტექნიკის განახლებისთვის საჭირო ფინანსური ხარჯების თავიდან აცილება.

New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ასევე, აღაშფოთა რუსეთის მიერ მონიტორინგის განხორციელებამ მის კუთვნილ გოლფის კლუბზე 2017 წელს. ამერიკული მხარე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო ობიექტების დაზვრევით რუსეთი ღია ცის შეთანხმების სულისკვეთებას არღვევს. ამას გარდა, გამოცემის ცნობით, გასაიდუმლოებულ შეტყობინებებში ამერიკელი სამხედროები და სპეცსამსახურის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ რუსები ღია ცის შეთანხმების ფარგლებში ფრენებს იყენებენ აშშ-ის ისეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ რუკების შესაქმენლად, რომლებიც შეიძლება, ჩვეულებრივი შეიარაღებული ან კიბერთავდასხმის ობიექტები გახდნენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღია ცის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევა უარყო და აშშ-ის ნაბიჯს სამწუხარო და დესტრუქციული უწოდა. ამავდროულად, მოსკოვმა თქვა, რომ მზადაა ღია ცის შეთანხმების გათვალისწინებით სადამკვირვებლო მისია დაუშვას კავკასიის საზღვრის გასწვრივ 10 კილომეტრიან ზონებში, თუ საქართველო რუსეთს მის ტერიტორიაზე ფრენის ნებას მისცემს.

რა არის ღია ცის შეთანხმება?

ღია ცა არის საჰაერო სივრცესთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც შექმნილია განიარაღების შესახებ არსებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლის მიზნით. ღია ცის შეთანხმება აწესებს შეუიარაღებელი სადამკვირვებლო ფრენების რეჟიმს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე. მათ შორის, ზუსტად განსაზღვრავს სადამკვრივებლო ფრენების კვოტებს და შეტყობინებებს შესვლის წერტილების შესახებ.

ღია ცის იდეა, თავდაპირველად როგორც აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ორმხრივი შეთანხმება, აშშ-ის პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა ჯერ კიდევ 1955 წელს გაახმოვანა.

ინიციატივა ცივი ომით დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბებას ემსახურებოდა. თუმცა იდეის ხორცშესხმა მრავალმხრივ ფორმატში მხოლოდ 37 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ხელშეკრულება ღია ცის შესახებ ჰელსინკიში 1992 წლის 24 მარტს გაფორმდა და 2002 წელს შევიდა ძალაში. ამ დროისთვის შეთანხმების მონაწილეა 35 ქვეყანა (ბელარუსი, ბელგია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქაღთველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ყირგიზეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები), თუმცა აქედან ერთს – ყირგიზეთს – საერთაშორისო ხელშეკრულება ჯერ რატიფიცირებული არ აქვს. ჩამოთვლილი სახელმწიფოები სამხედრო საქმიანობის კონტოლის მიზნით ერთმანეთს საჰაერო სივრცეს უხსნიან.