ღარიბაშვილი: წვრთნების უწყვეტობა და თანამშრომლობის არსებული მექანიზმები ადასტურებს, რომ აშშ-სთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა

საერთაშორისო წვრთნების - „მტკიცე სულის“ თუ „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარების უწყვეტობა, ისევე როგორც თანამშრომლობის არსებული მნიშვნელოვანი მექანიზმები, ადასტურებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზე დგას, -​ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit - 2021-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივესალმო და მადლობა გადავუხადო აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურს, ჩვენს მეგობარს, ბატონ გენერალ-მაიორ კარდენს ჩამობრძანებისთვის და ჩვენი თავდაცვის ძალების აქტიური მხარდაჭერისთვის. ჩვენ მუდამ მადლიერი ვიქნებით ამერიკის შეერთებული შტატების, იმ უდიდესი დამსახურებისთვის, რომელიც მას საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ჩვენი ჯარის ინსტიტუციური აღმშენებლობის პროცესში მიუძღვის.

ბატონო ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, ამ მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილეობით, თქვენ კიდევ უფრო დახვეწეთ თქვენი უნარ-ჩვევები, გააძლიერეთ მზადყოფნის დონე და NATO-სთან ურთიერთთავსებადობის ხარისხი, რაც ჯამში ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას. კიდევ ერთხელ, ყველას მადლობას გიხდით სწავლებაში მონაწილეობისთვის და გისურვებთ წარმატებას თქვენი მიზნების მიღწევაში“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, აშშ-ის და NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი, საქართველო საერთო ინტერესების დაცვას და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას მომავალშიც განაგრძობს.

„წელს ეს სწავლება გამორჩეული იყო, რადგან ის საიუბილეოა, მეათე სწავლებაა ჩვენს ქვეყანაში, რომელშიც NATO-ს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის 2500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული. „მტკიცე სული“ ნათელი დასტურია იმ მართლაც მტკიცე და სამაგალითო ურთიერთობების, რომელიც საქართველოს, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკასთან აკავშირებს.

„ეს სწავლება სწორედ ჩვენი თავდაცვის ძალების და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ყოველწიურად მზარდი თანამშრომლობის შედეგია. მე მინდა განსაკუთრებულად მივესალმო და მივულოცო სწავლების თითოეულ მონაწილე სამხედრო მოსამსახურეს და მის დაგეგმვასა და აღსრულებაში ჩართულ ყველა პირს. მიმდინარე პანდემიის მიუხედავად, ამ პირობებშიც, სწავლების წარმატებული ჩატარება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს თქვენს მზადყოფნას, თქვენს მაღალ პროფესიონალიზმს, თქვენს ძალისხმევას, არ მოაკლოთ ენერგია საერთო ღირებულებების დაცვას.

მოგეხსენებათ, მიმდინარე წელმა, მართლაც ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა ჩვენთვის და თითოეული ჩვენი პარტნიორი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, რომ ავღანეთში NATO-ს ეგიდით მიდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ოფიციალურად უკვე დასრულდა, რომლის განხორციელებაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ჩვენ ახლახანს დავხვდით ბოლო ქართულ ქვედანაყოფს, რომელიც ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა და ხმამაღლა განვაცხადეთ - საქართველო, როგორც აშშ-ის და NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი, მომავალშიც ჩვეული ძალისხმევით გააგრძელებს საერთო ინტერესების დაცვას და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას.

მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული“ სწორედ ამ სულისკვეთების ნაწილია, რადგან ის ჩვენი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.