„დღევანდელი დღე ნათელი დასტურია იმისა, რომ ძალა ერთობაშია, ძალა პარტნიორობაშია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მტკიცე სული 2021“ სწავლების დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენს მიერ არჩეულ გზას, NATO-ში ინტეგრაციის გზას მივყავართ სტაბილურობისა და უსაფრთხოებისკენ. საქართველოს სამხედრო ინდუსტრიას მინდა ვუსურვო განვითარება, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და ეკონომიკის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. საქართველო კვლავ ერთგულად და დაუღალავად ისწრაფვის არჩეული მიზნისკენ- NATO-ში ინტეგრაციისკენ. ამ რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობას და ურთიეთრთთავსებადობას.
საქართველოში განხორციელებული მრავალეროვნული სამხედრო სწავლების დინამიკა ადასტურებს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას რეგიონის, შავი ზღვის უსაფრთხოების, განმტკიცებისა და შენარჩუნების პროცესში. ნათელია, რომ დღეს მსოფლიოს, ამა თუ იმ რეგიონის უსაფრთხოება და მშვიდობა აღარ არის უშუალოდ რეგიონში გეოგრაფიულად მდებარე ქვეყნების პრობლემა და საზრუნავი. „რეგიონალური უსაფრთხოება და მშვიდობა გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ეს რეალობა საქართველოს აქვს კარგად გათვითცნობიერებული. ჩვენს მიერ არჩეულ გზას - NATO-ში ინტეგრაციის გზას მივყავართ სტაბილურობისა და უსაფრთხოებისკენ. ამ გზაზე ერთგულად სვლით, ჩვენ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გაძლიერებით ვამტკიცებთ რეგიონის სტაბილურობას და უსაფრთხოებას, რაც მსოფლიო მშვიდობის განმტკიცების საწინდარია. დღევანდელი დღე არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ წინგადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ასეთი მასშტაბური სამხედრო წვრთნების შედეგად მტკიცდება ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმი, რასაც ისინი მომავალშიც საქართველოს, რეგიონისა და მსოფლიო მშვიდობის გაძლიერებას მოახმარენ. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ ძალა ერთობაშია, ძალა პარტნიორობაშია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, მე-10 საიუბილეო მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით ჩატარდა.