საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 აპრილის შეთანხმებასთან და მის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის პესიმისტურად არ არის განწყობილი და დარწმუნებულია, რომ მხარეები შეთანხმების რაღაც ფორმატს დაუბრუნდებიან.
სალომე ზურაბიშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „არ შეიძლება, არ გაგრძელდეს პროცესი, რომელიც იქნება „ჩვენი, ევროკავშირის და აქაური პარტიების ერთმანეთთან შეთანხმების პროცესი“:
„იმიტომ, რომ მე ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გავაკეთოთ - მარტო რჩება საქართველო? რას ვეუბნებით ევროკავშირს, თქვენთან არაფერი საქმე აღარ გვაქვს და ვაგრძელებთ მარტო? ეს კითხვაც არ არის, პასუხიც ჩემია - დარწმუნებული ვარ, რომ სხვა გზა, სხვა პერსპექტივა არ გვაქვს., ეს არის ყველაზე დიდი ჭეშმარიტება ამ ქვეყანაში. შეიძლება, პოლიტიკური პოზირება ხდებოდეს ერთი და მეორე მხრიდან, მაგრამ გზა არის ეს. მეორე მხრივ, ჩვენს სიტუაციას რუსეთი უყურებს, რომელსაც ნებისმიერ დროს გამოიყენოს ეს ვითარება. ამიტომ. მგონია, რომ გონს მოვალთ, დავუბრუნდებით ჩვენს ერთადერთ გზას და ეს გზა არის თანამშრომლობა ჩვენს ევროპელ პარტიორებთან“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მანვე აღნიშნა, რომ ყოველთვის იქნება ჩართული ევროკავშირთან ურთიერთობებში, სადაც პრობლემა იქნება და ამას ყოველთვის დაუჭერს მხარს.
„მიმაჩნია რომ ჩვენ პროგრესის გზაზე ვართ, წინა წელს იყო 8 მარტის შეთანხმება და რეალურად გაგრძელდა კრიზისი, ამ წლის დასაწყისში რეალურად გამოსული ვიყავით კრიზისიდან, კარგად მახსოვს რომ იანვარში ვიყავი ბრიუსელში სადაც შეხვედრები მქონდა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან, ასევე NATO-ს ხელმძღვანელობასთან და იქ საქართველოს მიმართ კრიზისზე ლაპარაკი არ ყოფილა, პირიქით, საუბარი იყო ახალ გეგმებსა და ჩვენს წინსვლაზე. შენიშვნებიც არ ყოფილა. შემდეგ მოხდა რაც მოხდა და ისევ ჩავებით გაუთავებელ კრიზისში. იმ დოკუმენტში ჩართული ვიყავი თავიდან ბოლომდე ოღონდ გარედან და არა მოლაპარაკებებში. დოკუმენტში რა შედიოდა და რა არ შედიოდა, ეს ჩემი საქმე არ იყო. ეს იყო პარტიათა შორის შეთანხმება.
მთელი მსოფლიო გვეუბნებოდა, რომ თქვენ მიდიხართ ერთპარტიული პარლამენტისკენ და ეს არის ძალიან ცუდი და პრობლემატურ ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს თავისი გეგმები ევროკავშირთან და NATO-სთან, მიუღებელია, რომ ჩვენ მივდიოდეთ ერთპარტიულობის გზაზე, ეს გადავლახეთ და რამდენიმე პარტიას შორის შეთანხმება შედგა. ის რომ, ერთ-ერთი პარტია გარეთ დარჩა, ეს არის მისი არჩევანი და არ ნიშნავს, რომ ეს შეთანხმება არ შედგა. ფაქტი იყო, რომ ყველა ვინც მოვიდა და ხელი მოაწერა შეთანხმევას, თვლიდა, რომ შეთანხმება შედგა. ევროკავშირს აინტერესებს სტაბილურიბა ამ ქვეყანაში და ამის ნიშანი მივეცით.
ეს დოკუმენტი შედგა, ვიღაც აცხადებს, რომ დოკუმენტი ანულირებულია, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, რომ მივაღწიოთ იმ შეთანხმებებს, რომლებიც ნიშნავს, რომ ჩვენ გადავდივართ დემოკრატიული წყობის ახლა ეტაპზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება მმართველი გუნდის არგუმენტებს შეთანხმებიდან გასვლაზე, პრეზიდენტი აცხადებს, რომ მათ ადრე უნდა ეფიქრათ, რა იყო მისაღები და რა არა საზოგადოებისთვის.
„არჩევნები ლეგიტიმურად შეფასდა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მე მგონია, რომ არ შეიძლება ზოგადად ლეგიტიმური არჩევნების შედეგები ახალი კითხვის ნიშნის ქვეშ და ახალი დადასტურების აუცილებლობის წინაშე დააყენო. ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველმა მოგცა ხმა, მაგრამ შენ მას ეუბნები, რომ კიდევ უნდა დაამტკიცო ის, რომ ეს ხმა შენ მე მომეცი. ჩემი აზრით, დემოკრატიული არჩევნების თეორიაში ეს არ ჯდება.
მე არაფერს უნდა ვამბობდე დოკუმენტის შინაარსზე, მაგრამ იყო დოკუმენტის პირველი ვერსია, რომელიც არ შეიცავდა ამ 43%-ს და მმართველმა პარტიამ მას ხელი არ მოაწერა. შემდეგ მათ ხელი მოაწერეს ვერსიას, სადაც ეს პუნქტი უკვე ასახული იყო. ცხადია, მე უფრო პირველი ვარიანტისკენ ვიხრებოდი. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ზოგადად, არჩევნების ლეგიტიმურობის ასე ადვილად დათმობა ძალიან სახიფათოა. ამ შემთხვევაში ისეთ პრეცედენტზე მივდივართ, ან მივდიოდით, არ ვიცი, რომელიც მგონი, შეიძლება, აღმოჩნდეს ცუდი პრეცედენტი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთანხმებაზე ხელის არმოწერას და „ქართული ოცნების“ მიერ ამ საკითხის არგუმენტად გამოყენებაზე შეკითხვას უპასუხა.
„არ მგონია, შეიძლებოდეს, რომ ერთი მხრივ, ძალას დესტრუქციული ეძახო და მეორე მხრივ, მის გარეშე წინ აღარ მიდიოდე. თუკი არსებობს შეთანხმება და ეს შეთანხმება არის ევროკავშირის ეგიდით, მაშინ რატომ უნდა გაჩერდეს ყველაფერი დესტრუქციული პარტიის გამო. მე ვფიქრობ, რომ შეთანხმება შედგა, წინ უნ და წავიდეთ, ის ერთი პარტია ხდება მთავარი მოთამაშე ჩვენთვის? თემა - მთავარი ოპოზიციური პარტია, ესეც არასწორია. არიან პარტიები, რომლებიც ახლა იწყებენ ცხოვრებას, ჩვენ ვლაპარაკობთ კოალიციურ მთავრობაზე მომავალში, მრავალფეროვნებაზე და მერე, სულ ვუბრუნდებით ერთ პარტიას. ამ პარტიამ ამოირჩია თვითონ მარგინალიზაცია. არ მოაწერა ხელი, დარჩა ქუჩაში, სადაც ხალხის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. დაველოდოთ არჩევნებს და ვნახოთ, რას გადაწყვეტს ხალხი. შეთანხმებას მმართველი პარტია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ერთი პარტიის გამო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა. „ქართული ოცნების“ განცხადებით ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“.
„19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.