სალომე ზურაბიშვილი: არ მგონია, შეიძლებოდეს, რომ ერთი მხრივ, ძალას დესტრუქციული ეძახო და მეორე მხრივ, მის გარეშე წინ აღარ მიდიოდე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთანხმებაზე ხელის არმოწერას და „ქართული ოცნების“ მიერ ამ საკითხის არგუმენტად გამოყენებაზე შეკითხვას უპასუხა.

„არ მგონია, შეიძლებოდეს, რომ ერთი მხრივ, ძალას დესტრუქციული ეძახო და მეორე მხრივ, მის გარეშე წინ აღარ მიდიოდე. თუკი არსებობს შეთანხმება და ეს შეთანხმება არის ევროკავშირის ეგიდით, მაშინ რატომ უნდა გაჩერდეს ყველაფერი დესტრუქციული პარტიის გამო. მე ვფიქრობ, რომ შეთანხმება შედგა, წინ უნ და წავიდეთ, ის ერთი პარტია ხდება მთავარი მოთამაშე ჩვენთვის? თემა - მთავარი ოპოზიციური პარტია, ესეც არასწორია. არიან პარტიები, რომლებიც ახლა იწყებენ ცხოვრებას, ჩვენ ვლაპარაკობთ კოალიციურ მთავრობაზე მომავალში, მრავალფეროვნებაზე და მერე, სულ ვუბრუნდებით ერთ პარტიას. ამ პარტიამ ამოირჩია თვითონ მარგინალიზაცია. არ მოაწერა ხელი, დარჩა ქუჩაში, სადაც ხალხის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. დაველოდოთ არჩევნებს და ვნახოთ, რას გადაწყვეტს ხალხი. შეთანხმებას მმართველი პარტია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ერთი პარტიის გამო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში.

„ზოგჯერ ისეთი განცდაც არის, რომ მმართველ პარტიას აწყობს, იყოს ძლიერი ისეთი ოპოზიცია, რომელიც არის დესტრუქციული, ოდიოზური, მიუღებელი და რაღაც კუთხით, საარჩევნოდ შეიძლება იყოს ხელსაყრელი, მაგრამ ჩვენ უნდა ავაწყოთ ეს ქვეყანა და თავისი პოლიტიკური ცხოვრება იმის მიუხედავად, რომ ერთი ძალა არ თანამშრომლობს... და ადრეც ვთქვი, რომ არ შეიძლება, გარედან მუშაობდე ქვეყნის დისკრედიტაციაზე. იქ უფრო აქტიურად მუშაობენ. არაერთხელ მქონდა მმართველ პარტიასთან საუბარი, რომ აუცილებელია, მმართველ პარტიასაც ჰქონდეს უცხოეთში სხვა ფორმით მუშაობის საშუალებები. მე ვგულისხმობ ლობირებას, რომელიც არ არის პიარი და პროპაგანდა...არ შეიძლება, გარე სამყარო მივანდოთ მხოლოდ იმ ძალებს, რომლებიც მუდმივად მუშაობენ საკმაოდ აქტიურობენ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.