დავით ზალკალიანი: 2030 წლისთვის ქვეყნის დეოკუპაციის პროცესი უნდა იყოს დაწყებული და მისი მიმდინარეობა შეუქცევადი

„2030 წლისთვის ქვეყნის დეოკუპაციის პროცესი უნდა იყოს დაწყებული და მისი მიმდინარეობა შეუქცევადი. ხელშესახები პროგრესი უნდა იყოს მიღწეული საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმის „დასავლურ ღირებულებებსა და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა: 10 წლის ხედვა - 10 მიზანი“ წარდგენისას.

დავით ზალკალიანის თქმით, ამას დიდწილად განაპირობებს მიმზიდველი, წარმატებული, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და სათანადო ყურადღება ექცევა ეროვნული უმცირესობების თვითმყოფადობისა და კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებას.

„შესაბამისად მომდევნო ათი წლის განმავლობაში, საგარეო უწყება ძალისხმევას მიმართავს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე შექმნილი სამთავრობო კომისიის ეფექტიანი მუშაობის და კომისიის მიერ შემუშავებული სახელმწიფო სტრატეგიის ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით მოხდება მოქმედი კომისიის მიერ ინკლუზიური, საერთო ეროვნული პროცესის წარმართვა და მის ფარგლებში ყოვლისმომცველი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის და მისი შემდგომი იმპლემენტაცია, არამარტო სახელმწიფო უწყებების, არამედ სამოქალაქო საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობით და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით“, - აღნიშნა ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას.

მან ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის მობილიზებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში პრიორიტეტებს შორის დამკვირდების აუცილებლობაზე, როგორც აშშ-რუსეთისა და ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებში, ისე გაეროს, ეუთოსა და ევროსაბჭოს დღის წესრიგში.

დავით ზალკალიანის თქმით, მნიშვნელოვანია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გაძლიერება და აღნიშნული პლატფორმის საშუალებით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და დევნილთა დაბრუნების საკითხზე ხელშესახები პროგრესის უზრუნველყოფა.

კერძოდ: რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება, რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა და დეოკუპაციის უზრუნველყოფა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნების პროცესის დაწყება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგება, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.„ჟენევის ფორმატმა თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს. შეუძლებელია, დაუსრულებლად ვიყოთ პროცესში მხოლოდ პროცესისათვის. აუცილებელია საგნობრივი და შედეგზე ორიენტირებული სამშვიდობო მოლაპარაკებები“, - განცხადა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, აუცილებელია პირდაპირი, გაბედული დიალოგის განხორციელება საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებ თანამემამულეებთან. უნდა მოხერხდეს შერიგება, ნდობის აღდგენა, ურთიერთობების გაღრმავება და საბოლოო ჯამში მშვიდობიანი და წარმატებული თანაცხოვრება ერთ ევროპულ სახელმწიფოში.

დავით ზალკალიანმა საგარეო უწყების ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენა აგვისტოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით და რუსეთის აგრესიაზე საუბრით დაიწყო.

„13 წლის წინ ჩვენ ამ ქვეყანაში ვიხილეთ რუსეთის შეტევა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე და ევროპის კონტინენტზე სუვერენული ქვეყნის სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობა, რასაც მოგვიანებით მოჰყვა ყირიმის ანექსია, მოვლენები აღმოსავლეთ უკრაინაში და რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენება სხვა ქვეყნებშიც“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, რუსეთის ამგვარმა ქმედებებმა და აგრესიამ თავდაყირა დააყენა ევროპული უსაფრთხოების სისტემა და დესტაბილიზაციის კერები შექმნა შავი ზღვის რეგიონში.

„მნიშვნელოვანია, რომ წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება მისცა 13 წლის წინანდელ მოვლენებს და იურიდიულად დაადგინა რუსეთის, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ისე ოკუპაციის შემდგომ პერიოდში“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

„ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეები ვერ ეზიარებიან საქართველოს მნიშვნელოვან მიღწევებს, პირველ ყოვლისა იმ სიკეთეებს, რაც მოაქვს ქვეყნის დემოკრატიზაციას, განვითარებას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, „სრულიად მიუღებელი და წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში საოკუპაციო ძალა ბერლინის კედლებს გვიშენებს საქართველოს შუაგულში, ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში“.

მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერითა და ქმედითი ჩართულობით მოხდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების შერიგება და ქვეყნის გამთლიანება.

„ჩვენ ახლახან დავიწყეთ უმნიშვნელოვანესი პროცესი - შევქმენით სამთავრობო სტრატეგია დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით. ეს იქნება საერთო ეროვნული პროცესი, რომელშიც ჩართული იქნებიან არამხოლოდ სახელმწიფო უწყებები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები, არამედ ფართო საზოგადოება - კვლევითი ცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და აკადემიური წრეები, იძულებით გადაადგილებული პირებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების ჯგუფები“, - აღნიშნა ზალკალიანმა.