„დასავლურ ღირებულებებსა და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა. 10 წლის ხედვა, 10 მიზანი“, - ასე ჰქვია ათწლიან სამოქმედო გეგმას, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ექსპო ჯორჯიაში“ წარადგინა. გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის ქვეყნის დეოკუპაციის პროცესი უნდა იყოს დაწყებული, 2030 წლამდე კი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება უნდა მოხდეს. ამასთან, უნდა განხორციელდეს ალიანსთან ერთად შემუშავებული გეგმის მიხედვით საქართველოს NATO-ში საბოლოო გაწევრიანების უზრუნველყოფა.
„ჩვენი საქმიანობისთვის განმსაზღვრელია მთავარი მიზანი - საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ასევე ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რომელიც დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში - ევროკავშირსა და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, უწყების ისტორიაში პირველად შეიქმნა ათწლიანი გეგმა, რომელშიც განისაზღვრა, თუ სად უნდა იყოს საქართველო 10 წლის შემდეგ, როგორც ქვეყნის აღმშენებლობის, ასევე საერთაშორისო არენაზე პოზიციონირების კუთხით.
10 წლიანი გეგმის 10 მთავარ მიზნად განსაზღვრულია: 2030 წლისთვის ქვეყნის დეოკუპაციის პროცესი უნდა იყოს დაწყებული და მისი მიმდინარეობა შეუქცევადი. ხელშესახები პროგრესი უნდა იყოს მიღწეული საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით;
2024 წელს უნდა განხორციელდეს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანა, ხოლო შემდგომ, 2030 წლამდე, წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, გაწევრიანებაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირის კანონმდებლობის საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანის მიმართულებით;
უნდა განხორციელდეს ალიანსთან ერთად შემუშავებული გეგმის მიხედვით საქართველოს NATO-ში საბოლოო გაწევრიანების უზრუნველყოფა; უნდა განხორციელდეს მეგობარ სახელმწიფოებთან არსებული მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ ფორმატებზე აყვანა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ფუნქციის წარმოჩენას დასავლელი პარტნიორებთან და ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესის ლობირებას;
10 წლის განმავლობაში აშშ-საქართველოს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი ალიანსი - სამოკავშირეო ურთიერთობები გაძლიერებული სამხედრო-პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კომპონენტებით;
დაბალანსებულ, პარტნიორულ ურთიერთობებზე ორიენტირებული და ურთიერთსასარგებლო რეგიონული პოლიტიკის გატარებით, სამხრეთ კავკასია უნდა ჩამოყალიბდეს თანამშრომლობის, კეთილმეზობლობისა და დინამიური განვითარების სივრცედ;
აუცილებელია რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზაციის შესაძლებლობის გაჩენა დეოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვითა და კონფლიქტის დარეგულირების რეალური პროცესის დაწყებით;
მოხდება ევროკავშირთან დაკავშირებადობის დიალოგის დაწყება და შედეგად, 10 წლის შემდეგ, ამ კუთხით რეგიონში საქართველოს ლიდერად ქცევა, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი ფუნქციით;
აქტიური ეკონომიკური დიპლომატიის გზით საინვესტიციო შესაძლებლობების და უცხოური ინვესტიციების ზრდა, ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო სატრანსპორტო, ენერგეტიკული და საინვესტიციო პროექტების ეფექტიანი რეალიზება;
ქართული პროდუქციისთვის პრეფერენციული საექსპორტო პირობებისა და დივერსიფიცირებული საექსპორტო ბაზრების უზრუნველყოფა; 2030 წლისათვის საქართველოს უნდა ჰყავდეს ძლიერი დიასპორა, ძლიერი ქართული კულტურულ - საგანმანათლებლო კერებით საზღვარგარეთ.
ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. წარდგენას ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.