საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების მონაწილეობით, ანკარამ წვრთნებს - „კავკასიის არწივი“ უმასპინძლა

საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების მონაწილეობით ანკარამ წვრთნებს - „კავკასიის არწივი“ უმასპინძლა. ინფორმაცია Report.az-მა გაავრცელა.

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხცადებით, სწავლება ჩატარდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების და გამოცდილების გაზიარების მიზნით.

საქართველომ სამმხრივ საველე სწავლებას „კავკასიის არწივი 2017“ პირველად 2017 წელს უმასპინძლა.

ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სასროლეთზე საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფები ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ასევე სპეციალური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობის განვითარების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების და ურთიერთკოორდინაციის დახვეწის მიზნით სპეციალურ დავალებებს ასრულებდნენ.

სწავლებაში მონაწილეობდა სახმელეთო და საჰაერო კომპონენტები. სამხედროებმა ტაქტიკური, საცეცხლე, საინჟინრო და სხვა სპეციალური ამოცანები შეასრულეს. მათ სამედიცინო მომზადებისა და დასახლებულ პუნქტში ბრძოლის ელემენტების გავლაც მოუწიათ.

ეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალურ ოპერაციების დანაყოფების ერთობლივი რიგით მესამე სწავლება იყო. მანამდე აღნიშნულ სწავლებას ორჯერ თურქეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა.