თურქეთის ელჩი: თურქეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად თვლის და ნატოში გაწევრიანებისკენ მის ამჟამინდელ ძალისხმევას სრულად უჭერს მხარს

ექსკლუზიური ინტერვიუ თურქეთის ელჩთან

მთიან ყარაბაღში, საბრძოლო მოქმედებები, შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მისი მიხედვით, სომხეთი იღებს ვალდებულებას, აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა.

სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების ჯგუფი შევიდა. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას, რომ არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.

ბაქო რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსებას დათანხმდა. რუსეთის ჯარები გააკონტროლებენ ახალ გზას, რომელიც აზერბაიჯანის ლაჩინის რაიონის გავლით დააკავშირებს სომხეთს მთიან ყარაბაღთან. გარდა ამისა ფაშინიანი დათანხმდა, სომხეთის ტერიტორიაზე შეიქმნას ახალი სატრანზიტო დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანს დააკავშირებს დასავლეთით მდებარე მის ანკლავთან, ნახიჩევანთან.

ამ დერეფანსაც რუსეთის სამშვიდობო ძალები დაიცავენ. შეთანხმებიდან ასევე ვიგებთ „ზავის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრში“ თურქეთის მონაწილეობაზე. ასევე როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, „რუსი და თურქი სამხედრო მოსამსახურეები განლაგდებიან ყარაბაღის სამშვიდობო ცენტრში“.

რეგიონში მიმდინარე საკითხებზე, თურქეთზე როგორც ნატოს წევრი ქვეყნის როლზე ყარაბაღის პროცესებში, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე „ევროპათაიმმა“ კომენტარი თურქეთის ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს სთხოვა.

_მთიანი ყარაბაღის საკითხი რეგიონში მუდმივი არასტაბილურობის წყაროა. თურქეთი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების (822, 853, 874, 884) შესაბამისად, სომხეთს 30 წლის განმავლობაში მოუწოდებდა, დაესრულებინა აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების ოკუპაცია. ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება დამაიმედებელი ნაბიჯია და შეუძლია გახსნას გზა საკითხის მდგრადი, ხანგრძლივი გადაწყვეტისკენ.

დარწმუნებული ვართ, რომ რეგიონში სტაბილურობა სომხეთსაც სარგებელს მოუტანს. რეგიონში განვითარებული მოვლენები საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებში შეშფოთების საგანს არ წარმოადგენს.

თურქეთი საქართველოს ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორად აღიქვამს. თურქეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისკენ მისწრაფების მხარდაჭერას, განსაკუთრებით ნატოში გაწევრიანებისთვის მის ამჟამინდელ ძალისხმევას“, - აღნიშნავს თურქეთის ელჩი.

„აზერბაიჯანის თხოვნით, ჩვენ შევთანხმდით ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგზე. რუსეთთან ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც უზრუნველყოფს თურქეთის ჯარების ყოფნას ერთობლივ სამშვიდობო ცენტრში.

ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგთან დაკავშირებული ღონისძიებების დეტალები რუსეთის ხელისუფლებასთან განიხილება. თურქეთი ნატოს ერთადერთი წევრი ქვეყანაა რეგიონში, 1952 წლიდან, რომელიც ყოველთვის უჭერდა მხარს ალიანსის თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, რომელთა შორის არის სომხეთიც. არც თურქეთის ნატოს წევრობაა ახალი და არც ჩვენი მეზობლებისადმი ნატოს მხარდაჭერა“, - აცხადებს ფატმა ჯერენ იაზგანი.

რაც შეეხება გენერალ ბენ ჰოჯესის ინტერვიუს ჩვენს გამოცემასთან, რომლის მიხედვით, ევროატლანტიკურ გზაზე დასავლეთის ყველაზე დიდი მოკავშირე თურქეთია და რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები ინფრასტრუქტურას და როტაციულ ძალებს გაზრდიდა, ამ საკითხთან მიმართებით „ევროპათაიმის“ შეკითხვას ელჩმა ასე უპასუხა: ეს საქართველოს შიდა საქმეა და ეხება ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოსა და აშშ-ს შორის.