ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას გადასცა ანგარიში 2025 წლის გაფართოების შესახებ. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ანგარიშში ასახულია სერიოზული შეშფოთება საქართველოში სიტუაციის მკვეთრი გაუარესების გამო, აღნიშნულია უპრეცედენტო უკუსვლა გაწევრიანებისთვის საჭირო ფუნდამენტური პრინციპებისა და 9 ნაბიჯის მიმართებაში.
მასში ასევე მკაფიოდ აღწერილია ის ქმედებები, რომლებიც საჭიროა საქართველოსთვის ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად. ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია რჩება, თუ ხელისუფლება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს დაუბრუნდება.
ევროკომისია აცხადებს, რომ საქართველოს „კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი აქვს“ და რომ ქვეყანამ „სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა“ განიცადა, მათ შორის კანდიდატ ქვეყნებს შორის „უპრეცედენტო“ შემზღუდავი კანონების გამო. ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში, 60-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც 4 ნოემბერს გამოქვეყნდა, კომისიამ განაცხადა, რომ სიტუაცია „მნიშვნელოვნად გაუარესდა“ მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ 2024 წლის დეკემბერში სინანული გამოთქვა თბილისის მიერ გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობას, კომისია აცხადებს, რომ საქართველოს შესაბამისობა „დაბალი რჩება“.
ანგარიშში ასევე გაკრიტიკებულია არჩევნები, დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო და 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები მაღალი პოლარიზაციით გამოირჩეოდა, სადაც ადგილი ჰქონდა „ამომრჩეველთა დაშინებას, იძულებას და ზეწოლას“, რაც ძირს უთხრის თავისუფალ არჩევანს. ანგარიში კიდევ ერთხელ იმეორებს ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
კომისია აღნიშნავს, რომ სამართლებრივმა ცვლილებებმა „მნიშვნელოვნად შეარყია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მთლიანობა“, რაც ამძაფრებს „სასამართლო ხელისუფლების მიტაცების“ რისკებს.
ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ იმ შანსის დაკარვა, რომელიც ახლა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სახით აქვს, ისტორიული შეცდომა იქნება. ასე უპასუხა მან რადიო თავისუფლების ჟურნალისტის კითხვას, რამდენ ხანს იქნება ევროკავშირის კარი ღია საქართველოსთვის“ და რამდენად ახლოს არის საქართველო იმ წერტილთან, როცა შეიძლება, ითქვას, რომ ქვეყანა ვეღარ მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის გაფართოებაში?
„[ევროკომისარმა კოსმა] ახსენა ოთხი ქვეყანა კონკრეტული თარიღების მითითებით ევროკავშირის შემდგომი გაფართოების კონტექსტში. მას, სამწუხაროდ, არ უხსენებია საქართველო გაფართოების შემდეგი ეტაპის ფარგლებში.
თქვენი კითხვა იყო, არის თუ არა ძალიან გვიან. ჩემი პასუხია, არასდროს არის ძალიან გვიან.
მას შემდეგ, რაც ვიცხოვრე და გავიცანი ქართველები, მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ იქნება სურვილი, იქნება ამის მიღწევის საშუალება. რა გვაკლია ახლა?! - მზადყოფნა, სურვილი.
მე იმედი მაქვს, რომ კვლავაც არსებობს შანსი საქართველო გახდეს ევროკავშირის ნაწილი შემდეგი გაფართოებით. იმ შემთხვევაშიც, თუკი ასე არ მოხდება იმ ტრაექტორიიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ამჟამად აიღო, შემდეგი გაფართოება არ იქნება უკანასკნელი გაფართოება.
ასე რომ, კვლავაც იქნება იმედი მომავალში. მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რა რთულად იბრძოლეს საქართველოს თაობებმა, რომ ამ მომენტისთვის მიეღწიათ. როგორ იბრძოდა საქართველოს მოსახლეობა, რომ გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.
ამ შესაძლებლობის დაკარგვა იქნება შეცდომა,“ - განაცხადა ელჩმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველო ერთადერთია ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის, რომელსაც რეგრესი - და მნიშვნელოვანი რეგრესი - აქვს ევროკავშირის წევრობის გზაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის გაფართოებაზე საქართველოს შესახებ მომზადებულ კრიტიკულ დასკვნაზე ამბობს, რომ „მოულოდნელი არ ყოფილა“. უწყების განმარტებით, დოკუმენტი „უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული“.