ბაიდენი "თალიბანს" ძლიერი სამხედრო პასუხით ემუქრება

აშშ- ის პრეზიდენტი "თალიბანს" აფრთხილებს. ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკა ძლიერ და სწრაფ სამხედრო პასუხს გასცემს თალიბანს, თუ ის შეერთებული შტატების ინტერესებზე შეტევას განახორციელებს და საელჩოს პერსონალს საფრთხე დაემუქრება.

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ პერსონალის უსაფრთხოდ გასაყვანად ავღანეთში დამატებით, მთლიანობაში 5000 ჯარისკაცს გზავნის. მანამდე ეს რიცხვი 3000-ს შეადგენდა.

ცნობისთვის, გერმანიის მთავრობა ქაბულში საელჩოს თანამშრომლებს მინიმუმამდე შეამცირებს.

მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით, ავღანეთში ჯარისკაცებს გზავნის ბრიტანეთიც.

ბოლო მონაცემებით, რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის 20-მდე პროვინციის დედაქალაქს აკონტროლებს, ისინი ქაბულს მიუახლოვდნენ.

ავღანეთის სიდიდით მეოთხე ქალაქი, ბალხის პროვინციის დედაქალაქი მაზარ-ი-შარიფი „თალიბანის“ კონტროლის ქვეშაა.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ შეასრულებს თავის ვალდებულებებს საჰაერო დახმარების გაწევის, ავღანური ძალების საკვებითა და აღჭურვილობით მომარაგებისა და მათი ხელფასების გადახდის შესახებ.

„20 წლის განმავლობაში, ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ. 300 ათასზე მეტი ავღანელი სამხედრო გავწვრთნეთ და თანამედროვე აღჭურვილობა მივაწოდეთ. ავღანელი ლიდერები უნდა გაერთიანდნენ. მათ თავად უნდა იბრძოლონ. მათ თავიანთი ქვეყნისთვის უნდა იბრძოლონ", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, პირველ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.