ლავროვი: პოზიტიური სიგნალია, რომ „თალიბები“ აჩვენებენ მზადყოფნას, პატივი სცენ სხვების აზრს

რუსეთი აცხადებს, რომ „თალიბანის“ მიერ წინასწარ გაცემული გარანტიები ავღანეთის აღების შემდეგ, „პოზიტიური სიგნალი“ იყო და ის მხარს უჭერს ქვეყანაში ინკლუზიურ" პოლიტიკურ დიალოგს.

„პოზიტიურ სიგნალად მიმაჩნია, რომ „თალიბები“ ქაბულში აცხადებენ და პრაქტიკულად აჩვენებენ მზადყოფნას, პატივი სცენ სხვათა აზრს", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

ლავროვმა კალინინგრადში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოსკოვს სურს, ქაბულის ახალი მთავრობის ფორმირება იყოს ინკლუზიური პროცესი.

„კერძოდ, მათ თქვეს, რომ მზად არიან, განიხილონ მთავრობის შექმნის საკითხი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არამხოლოდ თავად, არამედ ავღანეთის სხვა წარმომადგენლებიც. ჩვენ მხარს ვუჭერთ ინკლუზიური ეროვნული დიალოგის დაწყებას ავღანეთის ყველა პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის მონაწილეობით“, - აღნიშნა ლავროვმა მედიასთან.

რუსეთი „თალიბანის“ ახალი მთავრობის აღიარებას იმის მიხედვით გეგმავს, „თუ რამდენად პასუხისმგებლობით მართავს ახალი ხელისუფლება ქვეყანას“.

ავღანეთში რუსეთის ელჩი დიმიტრი ჟირნოვი დღეს შეხვდა „თალიბანის“ წარმომადგენლებს, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მებრძოლებმა უკვე დაამყარეს საზოგადოებრივი წესრიგი.