საქართველო კორონავირუსის პანდემიის პირობებში მეორე არჩევნებს 2 ოქტომბერს ჩაატარებს. გართულებული ეპიდვითარების ფონზე ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს. ვაქცინაციის პროცესი დაიწყო ცესკოშიც. არჩევნებამდე თვენახევრით ადრე, როგორ აპირებს ქვეყანა არჩევნების კოვიდუსაფრთხო გარემოში ჩატარებას, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე Europetime ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერს ნათია იოსელიანს ესაუბრა.
_წინა არჩევნების დროს იყო რეკომენდებული დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება, თერმოსკირინინგის გავლა, წელს თუ ემატება განსხვავებული რეგულაცია და იგეგმება კონკრეტული წესის დამატება?
პირველ რიგში, დღის წესრიგში ისევ არის თერმოსკრინინგის, დეზობარიერის გავლა, პირბადეებისა და დამცავი ფარების ტარება, ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენება კომისიის წევრების მხრიდან, ხელების ხსნარით დამუშავება. კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება არცერთი პირი, რომელიც ტემპერატურის შემოწმებაზე იტყვის უარს, გარდა ამომრჩევლებისა.
საკმაოდ ბევრი სუბიექტი იქნება საარჩევნო პროცესზე, საკმაოდ რთულად სამართავი პროცესია. ძირითადი რეკომენდაციები არის ეს, მაგრამ ვნახოთ, რას წარმოადგენენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები. თუმცა ჩვენ მიერ რაც იყო შეთავაზებული, დადგენილებები, პროექტები, არის ის, რაც იყო შარშან, და იყო ძალიან კარგი პრაქტიკა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის.
შესაძლებელია, ვისაუბროთ თავად პროცესზე და მის ხარვეზებზე, მაგრამ ეუთოს შეფასებებში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ, პანდემიის პირობებში შეძლო და მოახერხა არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება.
ის დადგენილებები, რომლებიც გვაქვს და არის ძალიან კარგი პრაქტიკა, კვლავ შევთავაზეთ ჩართულ მხარეებს. ვნახოთ, ისინი რას შემოგთავაზებენ, რა არის მათი ხედვები და რეკომენდაციები. ჩვენ გავითვალისწინებთ აუცილებლად. შემდგომ უკვე მოხდება ამ დადგენილებების საარჩევნო კომისიის სხდომაზე გატანა და დამტკიცება. ეს ყველაფერი გამოქვეყნდება. ჩვენ შევძლებთ, რომ ამომრჩევლამდე მივიტანოთ ის ინფორმაცია, რაც მათ დაარწმუნებს, რომ თითოეულ საარჩევნო უბანზე მათთვის იქნება შექმნილი უსაფთხო გარემო.
სამართლებრივი ბაზა
პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია, არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი ბაზა, რათა მოწესრიგებული იყოს სანიტარული და ჰიგიენური ნორმები. ამ მიმართულებით კი ცესკოს აქვს შემუშავებული 4 დადგენილების პროექტი, რომელზე მუშაობა მიმდინარეობს.
პირველი დადგენილება ეხება იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის შენობებში შესვლა, გამოსვლა, ყოფნა, გადაადგილება და როგორ უნდა დადგინდეს სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების წესი.
რაც კოვიდპანდემიაში გვიწევს მუშაობა, ეს დადგენილება მუდმივად მუშაობს. აქ შედის, თერმოსკრინინგი, პირბადეების მოხმარება, დისტანციის დაცვა, შენობების პერიოდული ვინტილაცია. ეს არის 1 ძირითადი დადგენილება. ჩვენ ასევე გვაქვს 3 დადგენილება. ამ 3 დადგენილებიდან ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ უშუალოდ კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნებზე არსებულ მოთხოვნებზე, თუ რა არის დადგენილი.
მესამე - პენიტენციური დაწესებულებები და პენიტენციურ დაწესებულებაში უბნების შექმნასთან ერთად, კომისიის წევრებისა და სპეციალური ჯგუფების დაკომპლექტება, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. მეოთხე დადგენილება გახლავთ იმ პირებისთვის, რომლებიც იმყოფებიან კარანტინში, ან თვითიზოლაციაში, როგორ უნდა მიიღონ მათ არჩევნებში მონაწილეობა. ამისთვის ჩვენ, რა თქმა უნდა, სპეციალურ უბნებს და ჯგუფებს ვქმნით. დადგენილების პროექტის განხილვაში ჩართულები არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები.
ეს დადგენილებები ჯერჯერობით პროექტის სახით არის წარმოდგენილი. ჩვენ გვქონდა ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა. ჩვენ ამ შეხვედრაზე ეს ოთხივე დადგენილების პროექტი განვიხილეთ, რომლებიც უშუალოდ ეხება სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩეველს, ასევე ეხება უშუალოდ კენჭისყრის დღეს ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის განსაზღვრას.
ისინი შარშანაც იყვნენ დადგენილების პროექტის განხილვის პროცესში ჩართულები და წელსაც მივეცით ამის შესაძლებლობა. მათ თავიანთი შენიშვნებით და რეკომენდაციებით უნდა მოგვმართონ. ბუნებრივია, ჩვენ მათ გავითვალისწინებთ და მოგვიანებით, ალბათ მომავალ კვირას, ამ დადგენილებას მივიღებთ. ამ დადგენილებაში გაიწერება დეტალურად, თუ როდის და როგორ უნდა მოგვმართონ ამომრჩევლებმა, რა ვადაში, და ა.შ. დეტალურად გაიწერება წესები. ამ დადგენილებებში იქნება ყველაფერი გათვალისწინებული.
ცესკოს თანამშრომელთა ვაქცინაცია
რაც შეეხება პრემიერის ინიციატივას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ცესკოს თავმჯდომარე შეხვდა ჯანდაცვის მინისტრს. მათი საუბარი შეეხებოდა სწორედ იმას, თუ როგორ უნდა ჩატარდეს პანდემიის პირობებში არჩევნები უსაფრთხოდ.
იყო საუბარი, რა თქმა უნდა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში დასაქმებული პირების წინასწარ ტესტირებაზე, ასევე ვაქცინაციაზე. უკვე ტესტირების ორი ეტაპი გავიარეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე დაიწყო ვაქცინაციის პროცესი.
ჯერ აიცრნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ის წევრები, რომლებსაც არც ერთი დოზა არ ჰქონდათ გაკეთებული. თანამშრომლების უმრავლესობა აცრილია, ზოგს აქვს ორჯერადი ვაქცინაცია ჩატარებული, ზოგს აქვს ერთი დოზა გაკეთებული და მეორეს ელოდება. შედგა იმ თანამშრომლების სია, რომელთაც არ ჰქონდათ ვაქცინაცია ჩატარებული, ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო, რომ ერთ-ერთ კონკრეტულ ადგილზე გადაგვეყვანა ისინი და აცრილიყვნენ.
ეს იყო პირველ ეტაპზე, მეორე ეტაპზე იგეგმება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების აცრა. სულ ჯამში, 73 საოლქო საარჩევნო კომისიაა, რომელიც 17-კაციანი შემადგენლობით არის წარმოდგენილი. ყველა საოლქო საარჩევნო კომისიას შევთავაზებთ, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და მათ ნება-სურვილზეა დამოკიდებული, თუმცა ტესტირების პროცესი არის სავალდებულო ყველასთვის, ვისაც აცრა არ აქვს გაკეთებული ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან გადატანილი არ აქვს კოვიდი. პირველ რიგში, ვაკეთებთ ტესტირებას, სწრაფი ტესტით. ჯერჯერობით ორი ეტაპი გვქონდა და არც ერთ შემთხვევაში არ დაუდგინდა რომელიმე თანამშორმელს.
ამის შემდეგ იყო პირველი ეტაპი ჩვენთან, ცესკოში, როდესაც ვაქცინაციის პროცესი ჩატარდა, ახლა უკვე საოლქო საარჩევნო კომისიებშიც იგივე პროცესი მიმდინარეობს. მიმდინარეობს ორგანიზება, რომ ეტაპობრივად დავიწყოთ და ავცრათ ყველა თანამშრომელი.
რაც შეეხება ტესტირებას, ესეც საოლქო საარჩევნო კომისიებში იქნება პერიოდული და ასევე სწალების დროს, რომელიც 6-ეტაპიანია. ყველა ის პირი, ყველა ის კომისიის წევრი, რომელიც ჩაერთვება სწავლების პროცესში, ტრენინგის დაწყებამდე გაიტესტება.
_არჩვენების დღეს თერმოსკრინინგი თუ მიმდინარეობს და რა ხდება ასეთ შემთხვევაში?
ჩვენ ამომრჩეველს ტემპერატურას არ ვუზომავთ. შარშან, ყველა სხვა დანარჩენს, კომისიის წევრს, საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს ვუზომავთ ტემპერატურას, ის გადის თერმო სკრინინგს, თერმო სკრინინგის გარეშე ის შენობაში ვერ მოხვდება. ამომრჩევლები მცირე დროით გაჩერდებიან კენჭისყრის შენობაში, ეს არის სადღაც 5-10 წუთი. ამომრჩეველს, თუნდაც რომ გავუზომოთ და დაუფიქსირდეს ტემპერატურა, მისი არშემოშვება ეს არის კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, იმ კუთხით, რომ ჩვენ მათ ვუზღუდავთ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.
ამომრჩეველს აუცილებლად ვთხოვთ პირბადეს, რომელიც უნდა ეკეთოს მას კენჭისყრის შენობაში ყოფნის დროს, შენობაში შესვლისას და გამოსვლისას ხელების შესაბამისი ხსნარით დამშავებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან დისტანცია დაიცვას კომისიის წევრებთან და სხვა ადამიანებთან მიმართებით.
როგორ შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა შარშანაც განგვიცხადეს, 5-10 წუთი არ არის საფრთხის შემცველი. ამომრჩევლების თერმოსკრინინგი არ ჩატარებულა არც შარშან და არც წელსაც არ იგეგმება, ყველა შემთხვევაში ამ დადგენილებით, ვნახოთ, მომავალში რა იქნება.
_როგორ გაკონტროლდება არჩევნებზე სიტუაცია, რამდენად ემორჩილებიან თერმოსკრინიგს და ა.შ.
სხვა გამოსავალი არ არის, ეს არის დადგენილება და როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე იქ ყოფნის უფლების მქონე პირები დადგენილების მიხედვით უნდა მოიქცნენ. თუ ცხელება დაფიქსირდა, ისინი კენჭისყრის შენობაში ვერ დაიშვებიან. ან თუ დღის განმავლობაში დაუფიქსირდებათ ტემპერატურა, დაუყოვნებლივ ტოვებენ საარჩევნო უბანს. ამ შემთხვევაში ხდება საარჩევნო სუბიექტის ჩანაცვლება. კანონმდებლობით, საარჩევნო სუბიექტს შეიძლება, ჰყავდეს ორი წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე, რომლებიც არ შეიძლება, ერთდროულად იმყოფებოდნენ. შეიძლება ისინი ერთმანეთს შეენაცვლონ.
_თუ დამკვირვებელი არავაქცინირებულია, არჩევნების დღეს ტესტი უტარდება?
ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვისუბრეთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რა იქნება იმ დროისთვის ყველაზე აქტუალური ამ მიმართულებით. როგორც იცით, დილის 7 საათზე იხსნება საარჩევნო უბნები, 8 საათზე იწყება ხმის მიცემა, ეს ყველაფერი ძალიან დიდი ლოგისტიკური საკითხების მოგვარებასთან არის დაკავშირებული, ამიტომ უშუალოდ ის, რომ საარჩევნო უბანზე შესვლისას, დილით მოხდება მათი ტესტირება, ჯერჯერობით, ასე არ დგას საკითხი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
ძალიან ბევრმა ქვეყანამ პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებაზე უარი თქვა, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ერთხელ უკვე წარმატებით ჩააბარა გამოცდა. პანდემიის პერიოდში რთულია, მაგრამ შესაძლებელია არჩევნების ჩატარება, როგროც ეს შარშანდელმა წელმა გვაჩვენა. მაგალითად, ეუთოს შესაბამის დასკვნებშიც ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ შარშან წარმატებით გაართვა თავი პანდემიას და პანდემიის პირობებში უსაფრთხო არჩევნები ჩაატარა.
საოლქო საარჩევო კომისიის წევრების გადამზადება და ტრენინგები
დავაკომპლექტეთ საოლქო საარჩევნო კომისიები, არჩეულები არიან საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრები, ასევე პარტიებსაც ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები დაენიშნათ, კომისიის წევრების არჩევა დასრულდა.
18 აგვისტოდან, უფლებამოსილ პარტიებს შეუძლიათ, დანიშნონ საოლქო საარჩევნო კომისიებში თავიანთი კომისიის წევრები. ჩვენ, საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა დავიწყოთ მათი სწავლება და გადამზადება. ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, ეს არის მრავალეტაპიანი ტრენინგები. ამ მიმართულებითაც მინდა გითხრათ, რომ ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც სწავლებას გაივლის და ტრენინგებზე მიიღებს მონაწილეობას, იქნებიან გატესტილები კორონავირუსზე. ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ ადგილზე შევთავაზოთ სწრაფი ტესტირება, რომ უსაფრთხო გარემო შევინარჩუნოთ და არ შევქმნათ რამე პრობლემა. ასევე გვაქვს რეკომენდაციები მიწოდებული.
ამ პროცესზე დაკვირვების უფლება აქვთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოგვაწვდიან ინფორმაციას, როდის აპირებენ მათი წარმომადგენლები ამ ტრენინგზე დასწრებას მონიტორინგის მიზნით, მათაც ჩაუტარდებათ ტესტირება.
ასევე შევთავაზეთ საოლქო საარჩევნო კომისიებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვა. ბუნებრივია, ნებაყოფლობითია ვაქცინაცია. საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულ ყველა პირს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ აიცრან და უზრუნველვყოთ უსაფრთხო გარემო.
როგორ შეძლებენ კოვიდინფიცირებული პაციენტები არჩევენებში მონაწილეობას
ინციფირების შემთხვევაში ამომრჩეველმა წინასწარ უნდა დარეკოს ცესკოს ცხელ ხაზზე და დააფიქსიროს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. ის პირები, რომლებიც სახელმწიფო ბაზაში იქნებიან აღნიშნულები, როგორც კოვიდინფიცირებულები და იმყოფებიან კარანტინში ან თვითიზოლაციაში, ჩვენ მოგვმართავენ. შარშანაც გვქონდა ასეთი პრაქტიკა. ისინი რეკავენ ცესკოს ცხელ ხაზზე, რომელიც ჩვენს ვებგვერდზეც არის მითითებული. შარშან, სპეციალური ჯგუფიც შევქმენით, რომელიც უშუალოდ ამ კუთხით მუშაობდა.
ამომრჩეველს შეუძლია, ცხელი ხაზის საშუალებით მიმართოს საარჩევნო ადმინისტრაციას და განაცხადოს იმის შესახებ, რომ არის იზოლაციაში, ან კარანტინში. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გასათვალისწინებელი, როგორც იცით, ახლა არის თვითმმართველობის არჩევნები, ის უნდა იყოს კონკრეტული ოლქის ამომრჩეველი, რომ მან შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა, მაჟორიტარულ ნაწილში.
შესაბამისად, ამ კანონმდებლობის ნორმების გათვალისწინებით, ჩვენ როგორც შარშან, წელსაც შევძლებთ ყველა ამომრჩევლის ჩაბმას საარჩევნო პროცესში და კენჭისყრის დღეს მივცემთ შესაძლებლობას, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, სპეციალური ჯგუფების საშუალებით. იქნება საარჩევნო უბნები, რომლებსაც სპეციალური ჯგუფები მოემსახურებიან.
კოვიდინფიცირებული პაციენტები ცესკოს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა დაუკავშირდნენ. 2 ოქტომბრისთვის მოხდება ყველა იმ ზარის გათვალისწინება, რომელიც დაფიქსირდება ცესკოს საინფორმაციო ცენტრში. დეტალური ვადები კი დადგენილებაში გაიწერება.