უკრაინაში ვიზიტით მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, პოლიტიკურ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და საერთაშორისო მისწრაფებებზე.

აღინიშნა, რომ გამორჩეულ პარტნიორობასთან ერთად, საქართველოსა და უკრაინას აქვთ საერთო მისწრაფება, დაიმკვიდრონ ღირსეული ადგილი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ამავდროულად, დგანან ისეთ გამოწვევის წინაშე, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველო უკრაინის ურთიერთობები განსაკუთრებული დინამიზმით და ინტენსიურობით გამოირჩევა. მისი შეფასებით, ეს ორი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის გახშირებული კონტაქტების და ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების შედეგია.

უკრაინის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო განუხრელ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში.

მან Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან საერთო ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და კონფლიქტის ეფექტურად და მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.

„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლიდიმირ ზელენსკისთან, სადაც განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, საერთო ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და კონფლიქტის მშვიდობიანი და ეფექტიანი მოგვარების მნიშვნელობა. საქართველო განუხრელ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში “, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.

ამავე თემაზე:

ღარიბაშვილი: საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შეგვიძლია ,,ტრიოს" ფორმატში დავუმტკიცოთ პარტნიორებს, რომ ვიმსახურებთ ევროკავშირისა და NATO-ს წევრობას