,,ჩვენ, სამ ქვეყანას - უკრაინას, მოლდოვას და საქართვლოს შეგვიძლია მართლაც ბევრი წარმატების მაგალითი ვაჩვენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას და „ტრიოს“ ფორმატში დავუმტკიცოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ შეგვიძლია ვიყოთ წარმატებული სახელმწიფოები და მართლაც ვიმსახურებთ ევროკავშირის და NATO-ს წევრობას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განახადა.
როგოც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ და უკრაინამ ევროკავშირთან ინტენსიური უნდა გახადოს პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები.
„ბატონ პრემიერთან ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ, დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების მისწრაფება ევროინტეგრაციის მიმართულებით, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები. ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო „ტრიოს“ ფორმატის დაფუძნება. მაისში გაფორმდა მემორანდუმი ამის თაობაზე, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და ახლა უკვე პრეზიდენტების დონეზე, ბათუმში, პირველი პრეცენდენტი შეიქმნა „ტრიოს“ ფორმატის მონაწილეობის ფარგლებში. ჩვენ, სამ ქვეყანას - უკრაინას, მოლდოვას და საქართვლოს შეგვიძლია მართლაც ბევრი წარმატების მაგალითი ვაჩვენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას და „ტრიოს“ ფორმატში დავუმტკიცოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ შეგვიძლია ვიყოთ წარმატებული სახელმწიფოები და მართლაც ვიმსახურებთ ევროკავშირის და NATO-ს წევრობას.
ევროკავშირთან ჩვენ ინტენსიური უნდა გავხადოთ პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები, საკითხები, რომელიც უკავშირდება ენერგეტიკას, ტრანსპორტს, ციფრულ ბაზარს, დაკავშირებადობას. ვფიქრობ, ეს ის საკითხებია, რომელიც ჩვენ უნდა წამოვჭრათ დ ერთობლივად ვიმუშაოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხვალ მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით შექმნილ ყირიმის პლატფორმაში, სადაც კიდევ ერთხელ შეაფასებენ ყირიმის დროებით ოკუპაციას.
“ხვალ მე მივიღებ მონაწილეობას პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივაში, რომელიც უკავშირდება ყირიმის პლატფორმის შექმნას. ჩვენ კიდევ ერთხელ შევაფასებთ აღნიშნულ ვითარებას, ყირიმის დროებით ოკუპაციას. ასევე განვიხილეთ მძიმე მდგომარეობა, რომელიც ახლა, ამჟამად არის დროებით სეპარატისტულ რეგიონებში და ასევე, მიმოვიხილეთ ჩვენი საკითხები, რომელიც უკავშირდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონს. მოგეხსენებათ, რომ უკვე 13 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან და ჩვენი ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ჩვენთვის რუსეთის ქმედებები როგორც უკრაინაში, ყირიმში, სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე ჩვენს ტერიტორიაზე. ცხინვალში და აფხაზეთში ბორდერიზაცია გრძელდება და ეს რა თქმა უნდა, საერთო შეშფოთებას იწვევს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამავე თემაზე:
დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება
რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი
რა შემდგომი ნაბიჯებია საჭირო და რაზეა დამოკიდებული „ასოცირებული ტრიოს“ გეგმის განხორციელება