უკრაინაში ყირიმის პლატფორმის სამიტი იმართება

კიევში ყირიმის პლატფორმის სამიტი იმართება. სამიტზე 45-მა ქვეყანამ დაადასტურა მონაწილეობა.

კერძოდ, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, მოლდოვა, სლოვენია და ფინეთი წარმოდგენილი იქნებიან პრეზიდენტების დონეზე. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ასევე მიიღებს მონაწილეობას ყირიმის პლატფორმაში. რუმინეთი, საქართველო, ხორვატია და შვედეთი პრემიერ მინისტრების დონეზე არიან წარმოდგენილნი.

შვეიცარია და ჩეხეთი - პარლამენტების თავმჯდომარეების დონეზე. 14 ქვეყანა დაესწრება სამიტს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე: თურქეთი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, ბელგია, ავსტრია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, ირლანდია, დანია, ბულგარეთი, ჩერნოგორია და ჩრდილოეთ მაკედონია. ბრიტანეთსა და პორტუგალიას თავდაცვის მინისტრები წარმოადგენენ.

აშშ-ის დელეგაციას წარადგენს ენერგეტიკის მდივანი. გერმანიას ასევე წარადგენს ენერგეტიკის მინისტრი.

ევროკომისიას წარმოადგენს ვიცე -პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი, NATO-ს - გენერალური მდივნის მოადგილე, ევროპის საბჭო და სუამი წარმოდგენილი იქნება გენერალური მდივნის დონეზე. რვა ქვეყანა - ახალი ზელანდია, მალტა, იაპონია, ავსტრალია, კვიპროსი, კანადა, საბერძნეთი და ისლანდია - წარმოდგენილი იქნება ელჩების დონეზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პირველად, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ყირიმის პლატფორმა ყირიმის ნახევარკუნძულის დეოკუპაციის საკითხს უმაღლეს საერთაშორისო დონეზე აყენებს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყირიმის პლატფორმა იქნება პირველი ერთიანი ინსტიტუციური პლატფორმა, რომელიც განიხილავს უმნიშვნელოვანეს საკითხებს, მათ შორის ჰუმანიტარულს, ყირიმთან დაკავშირებით, რომელიც დროებით ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ყირიმის პლატფორმა უკრაინის მიერ წამოწყებული ახალი საკონსულტაციო და საკოორდინაციო ფორმატია, რათა გაზარდოს ყირიმის ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობა; გაზარდოს უსაფრთხოების გამოწვევაზე რეაგირების ეფექტიანობა; გაზარდოს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, დაიცვას ოკუპაციის რეჟიმის მსხვერპლნი და მიაღწიოს მთავარ მიზანს: ყირიმის დეოკუპაციას და ნახევარკუნძულზე უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენას.

პლატფორმა ფუნქციონირებს სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურების, საგარეო საქმეთა მინისტრების, საპარლამენტო თანამშრომლობისა და ექსპერტთა ქსელის დონეებზე.

ამავე თემაზე: დღეს ირაკლი ღარიბაშვილი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას