საქართველოს პრემიერ - მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 23 აგვისტოს ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან.
როგორ ღარიბაშვილმ აღნიშნა, ის მიიღებს მონაწილეობას პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით შექმნილ ყირიმის პლატფორმაში, სადაც კიდევ ერთხელ შეაფასებენ ყირიმის დროებით ოკუპაციას.
“ მე მივიღებ მონაწილეობას პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივაში, რომელიც უკავშირდება ყირიმის პლატფორმის შექმნას. ჩვენ კიდევ ერთხელ შევაფასებთ აღნიშნულ ვითარებას, ყირიმის დროებით ოკუპაციას. ასევე განვიხილეთ მძიმე მდგომარეობა, რომელიც ახლა, ამჟამად არის დროებით სეპარატისტულ რეგიონებში და ასევე, მიმოვიხილეთ ჩვენი საკითხები, რომელიც უკავშირდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონს. მოგეხსენებათ, რომ უკვე 13 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან და ჩვენი ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ჩვენთვის რუსეთის ქმედებები როგორც უკრაინაში, ყირიმში, სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე ჩვენს ტერიტორიაზე. ცხინვალში და აფხაზეთში ბორდერიზაცია გრძელდება და ეს რა თქმა უნდა, საერთო შეშფოთებას იწვევს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში 21 აგვისტოს დაიწყო.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალური შეხვედრები გამართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ასევე გაიმართა მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.
ამავე თემაზე:
უკრაინაში ვიზიტით მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა