„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით, ,,დიდი შვიდეულის" წევრი ქვეყნების ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული G7 -ის წევრი ქვეყნების ლიდერები ავღანეთში ყველა მხარეს მოუწოდებენ, რომ კეთილსინდისიერად იმუშაონ ინკლუზიური და წარმომადგენლობითი მთავრობის შესაქმნელად, მათ შორის ქალებისა და უმცირესობების ჯგუფების მნიშვნელოვანი მონაწილეობით.

,,დღეს, 2021 წლის 24 აგვისტოს, გაერთიანებული სამეფოს თავმჯდომარეობით, ჩვენ დიდი შვიდეული წევრი სახელმწიფოების ლიდერები ვირტუალურად შევხვდით ავღანეთში სიტუაციის განსახილველად.

ჩვენ სერიოზულ შეშფოთებას გამოვხატავთ ავღანეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ავღანეთის და სხვა ქვეყნების დაუცველი მოქალაქეების უსაფრთხოება და მოხდეს ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილება. ჩვენ მათ მოვუწოდებთ დაიცვან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ვალდებულებები, მათ შორის ქალების, გოგონების და უმცირესობების ჯგუფების უფლებები და რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი დაცული იყოს ნებისმიერ ვითარებაში.

ჩვენ პატივს ვცემთ ავღანელი ხალხის, ჩვენი ქვეყნების ხალხისა და უთვალავი სხვა ადამიანების მნიშვნელოვან მსხვერპლს, რომლებიც მუშაობდნენ ავღანეთის უფრო მშვიდობიანი, სამართლიანი და უსაფრთხო მომავლისთვის.

ავღანელი ხალხი იმსახურებს ღირსეულ, მშვიდ და უსაფრთხო ცხოვრებას, რაც ასახავს მათ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მიღწევებს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონებისათვის. ავღანეთი აღარასოდეს უნდა იქცეს ტერორიზმის უსაფრთხო თავშესაფრად და არც სხვებზე ტერორისტული თავდასხმების წყაროდ.

პარტნიორებთან, კერძოდ NATO-ს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ ტერორიზმთან ბრძოლას, სადაც არ უნდა იყოს. ავღანეთის ნებისმიერმა მომავალმა მთავრობამ უნდა შეასრულოს ქვეყნის საერთაშორისო და ტერორიზმის წინააღმდეგ დაცვის ვალდებულებები, დაიცვას ყველა ავღანელის უფლებები, განსაკუთრებით, ქალების, ბავშვების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების უფლებები. კანონის უზენაესობა, დაუშვას შეუფერხებელი და უპირობო წვდომა ჰუმანიტარული კუთხით და ეფექტურად ებრძოლოს ადამიანებით და ნარკოტიკებით ტრეფიკინგს.

ჩვენ მოვუწოდებთ ავღანეთში ყველა მხარეს კეთილსინდისიერად იმუშაონ ინკლუზიური და წარმომადგენლობითი მთავრობის შესაქმნელად, მათ შორის ქალებისა და უმცირესობების ჯგუფების მნიშვნელოვანი მონაწილეობით.

ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე ვალდებულებას ავღანეთის ხალხის მიმართ, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების განახლებული ჰუმანიტარული ძალისხმევით. ამ მიზნით ჩვენ მხარს ვუჭერთ გაეროს რეგიონში უშუალო საერთაშორისო ჰუმანიტარული რეაგირების კოორდინაციაში, მათ შორის ავღანეთში შეუზღუდავი ჰუმანიტარული წვდომის ჩათვლით და კოლექტიურად შევიტანთ წვლილს ამ რეაგირებაში. ამის ფარგლებში, ჩვენ ვითანამშრომლებთ ერთად და მეზობელ და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად ავღანელი ლტოლვილებისა და მასპინძელი თემების მხარდასაჭერად. ჩვენ მოვუწოდებთ ავღანეთის ყველა პარტნიორს მხარი დაუჭირონ ამ ძალისხმევას", -აღნიშნულია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „თალიბანი“ პასუხისმგებელია ტერორიზმის პრევენციაზე, ქალების, გოგონებისა და უმცირესობების უფლებების დაცვასა და ავღანეთში ინკლუზიური პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღწევაზე.

„ავღანეთის წინაშე არსებულ კრიტიკულ საკითხებზე საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანების მიზნით, ჩვენს მოკავშირეებთან და რეგიონის ქვეყნებთან ერთად ვიმუშავებთ. ავღანეთში მხარეებს მათი ქმედებების მიხედვით განვსჯით. კერძოდ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ „თალიბანი“ პასუხისმგებელია ტერორიზმის პრევენციაზე, ქალების, გოგონებისა და უმცირესობების უფლებების დაცვასა და ავღანეთში ინკლუზიური პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღწევაზე. ნებისმიერი მომავალი მთავრობის ლეგიტიმურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიდგომა აქვს მას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და ავღანეთში სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.