ენტონი ბლინკენმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ ავღანეთში არსებული ვითარება განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ავღანეთში არსებული ვითარება განიხილეს.

„მხარეებმა საუბრისას განიხილეს ავღანეთთან დაკავშირებით არსებული თანამშრომლობა და ძალისხმევა, რომელიც ხორციელდება ჩვენი მოქალაქეების, მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხო და რეგულარული ევაკუაციისთვის“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ნედ ფრაისმა.

ცნობისთვის, ,,თალიბანმა" რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.

„თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.