"სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ მკაფიო გზავნილია ყველა აგრესორის შეკავებისთვის"

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, სამხედრო წვრთნები მკაფიო დასტურია, იმისა, კოვიდპანდემიის პირობებშიც შესაძლებელია კმსგავსი ტიპის მრავალეროვნული სწავლება უსაფრთხოდ ჩატარდეს.

„ეს წვრთნები ემსახურება არა მხოლოდ ჩვენი ძალების თავსებადობის განვითარებას, ის წარმოადგენს მკაფიო გზავნილს, რომ არსებობს წვრთნების ორგანიზების შესაძლებლობა პანდემის პირობებში და წარმოადგენს შეკავების მკაფიო გზავნილს ყველა აგრესორისთვის. "ღირსეული პარტნიორი 2020" ძალიან წარმატებული იყო“, - განაცხადა კელი დეგნანმა, რომელიც „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის რიგით მეხუთე სწავლების დახურვის ცერემონიას დაესწრო.

ცნობისთვის, საქართველოში საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ დასრულდა. რიგით მეხუთე სწავლებაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა.

წვრთნები, რომლის დევიზი იყო: „ძალა პარტნიორობაშია“, 7-18 სექტემბერს ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარეობდა.

საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო სისტემების გარდა, სწავლებაში ჩართული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საფრენი საშუალებები და ჯავშანტექნიკა.

სწავლების მიზანი იყო საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება და წვლილის შეტანა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში.