ასადოვი: საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია

პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება წარმოადგენს.


მან ეს განცხადება სიღნაღში, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში აზერბაიჯან-საქართველოს მთავრობათშორისი კომისიის მე-11 სხდომაზე გააკეთა.


ასადოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ხალხები საუკუნეების განმავლობაში მეგობრობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებში ცხოვრობდნენ.


„ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორობამ თვისობრივად ახალ ეტაპს მიაღწია. თანამშრომლობის განმტკიცებაში წამყვან როლს ასრულებს მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის დინამიკა,“ — განაცხადა ასადოვმა.


მან ხაზი გაუსვა აპრილში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტისა და მაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანში ვიზიტის (WUF13-ის ფარგლებში) მნიშვნელობას.


„ამ ვიზიტებმა და მიღწეულმა შეთანხმებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ურთიერთობების სტრატეგიული ხასიათი და ახალი იმპულსი მისცა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს ერთმანეთს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენს ურთიერთმხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებში,“ — აღნიშნა ასადოვმა.


„ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორისაა, ხოლო ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა ეკონომიკური კავშირების მუდმივ გაღრმავებაზე მიუთითებს. ჩვენი მიზანია მიღწეული შედეგების შემდგომი განვითარება, მათ შორის, ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის უკეთ ათვისება, სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი დივერსიფიკაცია და საინვესტიციო აქტივობის კიდევ უფრო მეტად წახალისება.


სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ შუა დერეფნის განვითარებას, რომელიც კასპიისა და შავი ზღვის გავლით აზიას ევროპასთან აკავშირებს. ჩვენი საერთო მიზანია აღნიშნული მარშრუტის გამტარუნარიანობის, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის შემდგომი ზრდა.
ამ მიზნის მისაღწევად საქართველო ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა, დასრულებულია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია და გრძელდება ჩვენი რკინიგზის რესურსების კიდევ უფრო მეტად განვითარება. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეგიონული სატრანსპორტო ქსელის განუყოფელ ნაწილად იქცა და მოხარულები ვართ, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ამ პროექტის განხორციელება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტები მომავალში კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს, რაც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვისაც არის მნიშვნელოვანი.


საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განზომილებაა ენერგეტიკა. ერთობლივად განხორციელებული პროექტები: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-სუფსის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი უკვე მრავალი წელია, ემსახურება ენერგორესურსების საიმედო ტრანზიტსა და რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას.


საქართველო, აზერბაიჯანთან, რუმინეთსა და უნგრეთთან ერთად, მონაწილეობს „მწვანე ენერგიის დერეფნის“ განვითარებაში, რომლის მიზანია განახლებადი ენერგიის ტრანსპორტირება და სამხრეთ კავკასიის ევროპულ ენერგეტიკულ ბაზართან მჭიდრო დაკავშირება.


ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ასევე მოიცავს თავდაცვის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტურიზმისა და საბაჟო სფეროებს. მზად ვართ, გავაძლიეროთ არსებული კავშირები და ხელი შევუწყოთ ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.


დარწმუნებული ვარ, რომ კომისიის მუშაობა ხელს შეუწყობს კონკრეტული ინიციატივების განხორციელებას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ქვეყნებისთვის,” - განაცხადა თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ.


ცნობისთვის, აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი ინვესტორია; ინვესტიციების მოცულობა 4 მილიარდ დოლარს უახლოვდება. ასადოვის თქმით, საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში ორმხრივი ვაჭრობა 42%-ით გაიზარდა, რითაც გასული წლის მთლიან მაჩვენებელს გადააჭარბა და 1 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა. მან ტრანსპორტი და ტრანზიტი ორმხრივი თანამშრომლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სფეროდ დაასახელა.