ეუთომ საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია გახსნა. სადამკვირვებლო მისიას ელჩი ალბერტ ჯონსონი უხელმძღვანელობს, მისიის ძირითადი გუნდი 12 ექსპერტისა და 30 გრძელვადიანი დამკვირვებლისაგან შედგება. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მხრიდან მიწვევის შემდეგ მიიღო.
„დამკვირვებლები 4 სექტემბრიდან გადანაწილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთანავე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) გეგმავს, მოითხოვოს ეუთოს წევრი ქვეყნებისაგან 350 მოკლევადიანი დამკვირვებელის ჩამოსვლას უშუალოდ არჩევნების დღემდე რამოდენიმე დღით ადრე.
მისია შეაფასებს არჩევნების შესაბამისობას როგორც ეუთოს ვალდებულებებსა და სხვა საერთაშორისო მოვალეობებთან, ასევე დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებსა და ადგილობრივ კანონმდებლობასთან.
დამკვირვებლები თვალყურს მიადევნებენ საარჩევნო პროცესის ფუნდამენტურ ასპექტებს - კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს, წინასაარჩევნო კამპანიას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობას, საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებასა და საარჩევნო დავების გადაწყვეტას. მისია ასევე შეაფასებს საარჩევნო კამპანიის გაშუქებას მედიაში.
სადამკვირვებლო პროცესის განუყოფელი ნაწილია შეხვედრა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
სადამკვირვებლო პროცესის მიმდინარეობისას გამოქვეყნდება შუალედური ანგარიში საზოგადოებისა და მედიის ინფორმირების მიზნით. არჩევნების მომდევნო დღეს პრესკონფერენციაზე გაკეთდება განაცხადი არჩევნების წინასწარი შედეგებისა და დასკვნების შესახებ. საბოლოო ანგარიში, რომელიც შეაჯამებს სადამკვირვებლო პროცესს და გასცემს რეკომენდაციებს, გამოქვეყნდება საარჩევნო პროცესის დასრულებიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ“, - აღნიშნულია ეუთოს განცხადებაში.