ემანუელ მაკრონი: ჩვენ დავრჩებით ერაყში ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოფიციალური ვიზიტით ერაყში იმყოფება. მაკრონი ომისგან დაზარალებულ ქალაქ მოსულში ჩავიდა, სადაც ქრისტიანული ტაძარი და ალ-ნურის აღდგენილი მეჩეთი მოინახულა.

მაკრონის განცხადებით, ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობის განახლების საგანგაშო ნიშნები ჩანს.

მან ერაყის რელიგიურ საზოგადოებებს მოუწოდა, ქვეყნის აღსადგენად ერთად იმუშაონ.

„ერაყისა და ქურთისტანის მომავალი, რომელიც მისი ნაწილია, რეგიონის, ევროპის, საფრანგეთის უსაფრთხოება დამოკიდებულია ამ ბრძოლის შედეგზე“, - განაცხადა მაკრონმა.

მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, რა არჩევანს გააკეთებენ ამერიკელები, საფრანგეთი დარჩება ერაყში ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.

,,მნიშვნელობა არ აქვს, რა არჩევანს გააკეთებენ ამერიკელები, ჩვენ დავრჩებით ერაყში ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მან მოსულში საფრანგეთის საკონსულოს და ფრანგული სკოლების დაბრუნების პირობა დადო.