ანდრიუს კუბილიუსი: მთავრობა მიხვდა, რომ ევროკომისიისგან არ მიიღებს სესხს, რადგანაც არ შეუძლია, შეასრულოს პირობები, რომლებიც თან ერთვის ამ ტრანშს

„მთავრობა მიხვდა, რომ ევროკომისიისგან არ მიიღებს სესხს, რადგანაც არ შეუძლია, შეასრულოს პირობები, რომლებიც თან ერთვის ამ ტრანშს“, - განაცხადა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა, რითაც გამოეხმაურა პრემიერის დღევანდელ განცხადებას.

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება

ევროპარლამენტარის განცხადებით, ნათელი იყო ევროკომისიის გზავნილი, რომ თუ პირობებს არ შეასრულებდა საქართველო, ქვეყანა დახმარებას ვერ მიიღებდა, ახლა კი საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ არ აპირებს ამ პირობების შესრულებას, რომელიც სესხს ახლავს თან.

„მთავრობა მიხვდა, რომ ევროკომისიისგან არ მიიღებს სესხს, რადგანაც არ შეუძლია, შეასრულოს პირობები, რომლებიც თან ერთვის ამ სესხს. უპირველეს ყოვლისა, პირობები ეხება მოსამართლეების შერჩევას და ასევე შარლ მიშელის შეთანხმების განხორციელებას. ეს პირობები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

როდესაც მთავრობამ ხელი მოაწერა 19 აპრილის დოკუმენტს და დაჰპირდა შეთანხმების განხორციელებას, კომისიის ექსპერტების მხრიდან გაჩნდა კრიტიკა, რომ მთავრობა არ ასრულებს იმ შეთანხმების ნაწილს, რომელიც ეხებოდა სასამართლო სისტემის რეფორმას და ახალ მოსამართლეთა დანიშვნას. ეს იყო ის, რაც გააკეთა მთავრობამ, ეს ეწინააღმდეგება შეთანხმებას. რასაკვირველია, ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან ალბათ მკაფიო გზავნილია საქართველოს მთავრობის, მმართველი პარტიის მიმართ, რომ თუ ამ გზით წახვალთ, ვერ მიიღებთ ევროკომიის დაპირებულ სესხს. ახლა საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ არ აპირებს იმ პირობების შესრულებას, რომელიც სესხს ახლავს თან. საქართველოს მთავრობა კვლავ კარგავს საერთაშორისო ნდობას, რაც აზარალებს საქართველოში სიტუაციას.

საქართველოს ეკონომიკას სჭირდება ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ ჩაიდოს ინვესტიცია ისეთი სფეროების განვითარებაში, რაც საჭიროა ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. როდესაც მთავრობა აცხადებს, რომ არ სურს ამ სესხის აღება, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი შეცდომა, რომელიც უბრალოდ უფრო მეტად დააზარალებს ქართველ ხალხს.

ისინი ვერ მიიღებენ ამ ფინანსურ შესაძლებლობას, რომელიც ასე საჭიროა საქართველოსთვის. მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობა უარყოფს ევროკავშირის იმ მოთხოვნის შესრულებას, რასაც ევროკავშირი მისგან ელოდება.

ეს რეფორმები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ მზად იყოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად. თუ საქართველო არ განახორციელებს იმ რეფორმებს, რასაც ევროკავშირი ელის სასამართლო სისტემის რეფორმასთან და მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს, რომ ეს მთავრობა არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან.

როდესაც მთავრობა სასამართლო სისტემაში რეფორმის შესახებ ევროკავშირის ინსტიტუტების თხოვნას უარყოფს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობას არ აქვს ევროპული ტიპის კანონის უზენაესობის სისტემა, ევროპული ტიპის გამჭვირვალობა სასამართლოში, რაც სამწუხაროდ ნიშნავს, რომ ქართველ ხალხი უარს ამბობს შესაძლებლობაზე, ჰქონდეს კანონის უზენაესობის უფრო ეფექტური, ბევრად უფრო გამჭვირვალე სისტემა საქართველოში“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.