საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, უარი თქვას ევროკავშირისგან დახმარების მიღებაზე და სესხის აღებაზე. ამის მიზეზად ღარიბაშვილი საგარეო ვალის შემცირებას ასახელებს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, საგარე ვალის შემცირების ფონზე, ევროკავშირისგან თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება.
"რაც შეეხება მაკროფინანსურ დახმარებას, მე შევახსენებ მოსახლეობას, რომ ეს არის სესხი, რომლის ნაწილიც 2020 წელს ავიღეთ და 75 მილიონის მეორე ნაწილი იყო სესხი, ეს არ იყო გრანტი და დახმარება, რომლის თაობაზეც მოგვიანებით, დამატებით კომენტარს გააკეთებს ფინანსთა სამინისტრო. წელს, იქიდან გმომდინარე, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით ჩვენ ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება.
ჩვენ რა თქმა უნდაა, ძალიან მადლიერი ვართ ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ აღმოგვიჩინეს, მათ შორის კოვიდ პანდემიის მართვის დროს და ზოგადად, ყველაფრისთვის რაც მათ გააკეთეს ჩვენთვის. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ წინსვლას. მეორეს მხრივ, ამ საკითხმა შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა. ამიტომ, ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს, ჩვენ გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე. მთავარი არგუმენტაცია, მთავარი მოტივი არის ის, რომ ჩვენ ეტაპობრივად დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება.
მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ძალიან კარგი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წინასწარი ინფორმაციით გეტყვით, რომ ივლისის თვის ზრდა იქნება დაახლოებით 10%-მდე, რაც 7 თვის განმავლობაში ჯამში იქნება 12,2% ეკონომიკური ზრდა. ეს დამატებით შემოსავალს გააჩენს ბიუჯეტში და ამ ტემპის შენარჩუნებით, მაღალი ალბათობით, წლის ბოლოს გვექნება ორნიშნა ზრდა. ზედმეტი სპეკულაციები აქ არ არის საჭირო. ჩვენი ოპონენტები გადასულები არიან საბოტაჟი რეჟიმზე, რომ როგორაც შეზღუდონ და შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის წინსვლა დასავლეთის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღწეველი და ეს არის მტრული, მავნებლური დამოკიდებულება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც ცნობილია, მაკროფინანსური დახმარებების მიმართულებით ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა მუშაობს. ჩეხი პოლიტიკოსი Europetime-მა ექსკლუზიურად მიმდინარე თვეს ჩაწერა.
„არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა და მიკროსაფინანსო დახმარება აშკარად ერთ -ერთი მათგანია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც ხორციელდება ევროკავშირის სტანდარტული საკანონმდებლო პროცედურის ფარგლებში. ასე რომ, ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია დაუყოვნებლივ, ახლა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მოხდება და როდესაც საკანონმდებლო პროცედურა იწყება, ჩვენ შეგვიძლია როგორღაც ის სისრულეში მოვიყვანოთ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე.
რა თქმა უნდა, ეს არის კომისიასა და საბჭოს შორის განსახილველი საკითხი. პრობლემა ის არის, რომ საბჭოს და კომისიის თანამშრომლების უმრავლესობა ახლა შვებულებაშია, რადგან აგვისტოს განმავლობაში ევროკავშირის ინსტიტუტები შვებულებაში არიან. ასე რომ, ეს ართულებს სწრაფ რეაქციას. ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ მათთან კონტაქტს და ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ რასაც მე ვხედავ, ევროკავშირის ინსტიტუტებში არსებული ატმოსფეროდან გამომდინარე, აუცილებლად იქნება ძლიერი რეაქცია ევროკავშირისგან. რა თქმა უნდა, თუ ისინი შეცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებას, ეს ძალიან სასარგებლო იქნება შექმნილ ვითარებისთვის, მაგრამ პირადად მე ვერ ვხედავ რაიმე ნიშანს, რომ ეს მოხდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამას არ ვისურვებ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ასევე წაიკითხეთ:
ექსპერტები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას აფასებენ
ირაკლი კობახიძე: ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს