„როგორც ჩანს, ვადამდელი არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან“, - ამის შესახებ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ისაუბრა. ლიეტუვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის დახმარების ირგვლივ პერიპეტიებზე პირველად Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა კომენტარი. ანდრიუს კუბილიუსი ასევე საუბრობს ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზე, რეგიონის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკასა სხვა აქტუალურ საკითხებზე.
_როგორ შეაფასებთ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების ირგვლივ არსებულ ვითარებას. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა თავს შეიკავებს ამ სესხის აღებაზე, მანამდე, საქართველოს მთავრობას, როგორც ევროკომისიამ, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეახსენეს პირობების შესრულების აუცილებლობა.
მთავრობა მიხვდა, რომ ევროკომისიისგან არ მიიღებს სესხს, რადგანაც არ შეუძლია, შეასრულოს პირობები, რომლებიც თან ერთვის ამ სესხს. უპირველეს ყოვლისა, პირობები ეხება მოსამართლეების შერჩევას და ასევე შარლ მიშელის შეთანხმების განხორციელებას. ეს პირობები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
როდესაც მთავრობამ ხელი მოაწერა 19 აპრილის დოკუმენტს და დაჰპირდა შეთანხმების განხორციელებას, კომისიის ექსპერტების მხრიდან გაჩნდა კრიტიკა, რომ მთავრობა არ ასრულებს იმ შეთანხმების ნაწილს, რომელიც ეხებოდა სასამართლო სისტემის რეფორმას და ახალ მოსამართლეთა დანიშვნას. ეს იყო ის, რაც გააკეთა მთავრობამ, ეს ეწინააღმდეგება შეთანხმებას. რასაკვირველია, ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან ალბათ მკაფიო გზავნილია საქართველოს მთავრობის, მმართველი პარტიის მიმართ, რომ თუ ამ გზით წახვალთ, ვერ მიიღებთ ევროკომიის დაპირებულ სესხს. ახლა საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ არ აპირებს იმ პირობების შესრულებას, რომელიც სესხს ახლავს თან. საქართველოს მთავრობა კვლავ კარგავს საერთაშორისო ნდობას, რაც აზარალებს საქართველოში სიტუაციას.
საქართველოს ეკონომიკას სჭირდება ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ ჩაიდოს ინვესტიცია ისეთი სფეროების განვითარებაში, რაც საჭიროა ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. როდესაც მთავრობა აცხადებს, რომ არ სურს ამ სესხის აღება, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი შეცდომა, რომელიც უბრალოდ უფრო მეტად დააზარალებს ქართველ ხალხს.
ისინი ვერ მიიღებენ ამ ფინანსურ შესაძლებლობას, რომელიც ასე საჭიროა საქართველოსთვის. მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობა უარყოფს ევროკავშირის იმ მოთხოვნის შესრულებას, რასაც ევროკავშირი მისგან ელოდება.
ეს რეფორმები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ მზად იყოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად. თუ საქართველო არ განახორციელებს იმ რეფორმებს, რასაც ევროკავშირი ელის სასამართლო სისტემის რეფორმასთან და მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს, რომ ეს მთავრობა არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან.
როდესაც მთავრობა სასამართლო სისტემაში რეფორმის შესახებ ევროკავშირის ინსტიტუტების თხოვნას უარყოფს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობას არ აქვს ევროპული ტიპის კანონის უზენაესობის სისტემა, ევროპული ტიპის გამჭვირვალობა სასამართლოში, რაც სამწუხაროდ ნიშნავს, რომ ქართველ ხალხი უარს ამბობს შესაძლებლობაზე, ჰქონდეს კანონის უზენაესობის უფრო ეფექტური, ბევრად უფრო გამჭვირვალე სისტემა საქართველოში.
_რა სურათია ეს ევროკავშირისთვის და რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის?
სამწუხაროდ, ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია, ვღელავთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე; იმაზე, თუ რამდენად მყიფეა ქართული დემოკრატია. რა თქმა უნდა, ევროპული ინსტიტუტები ბევრ ძალისხმევას ხარჯავენ ქართული პოლიტიკური პარტიების დასახმარებლად, მათ შორის იმაზე, რომ მმართველმა პარტიამ სიტუაციის სტაბილიზაცია მოახდინოს.
შარლ მიშელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მაგრამ როგორც ვხედავთ, პირველ რიგში, მმართველი პარტია არ სცემს პატივს მათ ძალისხმევას და ეს არის ის, რაც მართლაც უფრო მეტ პრობლემას ქმნის. საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისინი გააკეთებენ ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის წევრობისთვის. იმისთვის, რომ ეს განაცხადი პოზიტიური შედეგით იყოს განხილული ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, საქართველოს მთავრობამ უნდა დაიბრუნოს საერთაშორისო ნდობა, პატივისცემა. ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთელი კრიზისით, ყველა ბოლოდროინდელი მოვლენით, 19 აპრილის შეთანხმების მიმართ უპატივცემულობით, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია ზიანს აყენებენ ამ საერთაშორისო ნდობას საქართველოს მიმართ და ის შეიძლება, გახდეს რეალური დაბრკოლება, რეალური პრობლემა 2024 წელს, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარმატებული განხილვებისთვის.
_ამ ვითარებაში ადგილობრივ არჩევნებს ალბათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება?
ჩვენ ველით, რომ ეს არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ ყველა ევროპული სტანდარტის შესაბამისად. ეს იყო კიდეც შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მიზანი. მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, არ შეასრულოს ეს შეთანხმება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ არჩევნები მართლაც გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება.
მმართველმა პარტიამ გასცა დაპირება, რომ თუ ადგილობრივი არჩევნების დროს მიიღებდა 43%-ზე ნაკლებს, დაინიშნებოდა საპარლამენტო არჩევნები. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მმართველმა პარტიამ შეასრულოს ეს დაპირება და ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან საქართველოში, რომლის მოგვარებაც ძალიან რთული იყო ევროკავშირის ლიდერების ჩართულობითაც კი.
19 აპრილის დოკუმენტი იყო კარგი შეთანხმება კრიზისის მოსაგვარებლად, მაგრამ ამ შეთანხმების განხორციელებას ყველაზე დიდი ზიანი მმართველმა პარტიამ მიაყენა, როდესაც განაცხადა, რომ არ აპირებენ ამ შეთანხმების განხორციელებას. რასაკვირველია, ალბათ უდიდესი ოპოზიციური პარტიის (ნაციონალური მოძრაობის) შეცდომაც იყო, რომ არ მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას. ძალიან გაურკვეველი სიტუაციაა, არ არსებობს მკაფიო გზა, თუ როგორ შეიძლება საქართველო გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან. ჩვენ კვლავ შეგვიძლია, მოვუწოდოთ მმართველ პარტიას, რომ შეასრულოს ის, რისი პირობაც დადო.
ამგვარად, ადგილობრივი არჩევნები გარკვეულწილად მნიშვნელოვანი ხდება არამხოლოდ მუნიციპალური არჩევნებისთვის, არამედ, როგორც შესაძლო ნაბიჯი გამოსავლისკენ. შეიძლება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იყოს კარგი და ეფექტური გამოსავალი ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან; ასეთმა ნაბიჯმა შესაძლებელია, დააბრუნოს დემოკრატიისკენ სვლა, რომელიც ასე საჭიროა საქართველოსთვის და ეს საქართველოს ნამდვილად სჭირდება 2024 წელს, რომ სერიოზულად შეფასდეს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. აქვე აღვნიშნავ, რომ იგეგმება ევროპარლამენტიდან არჩევნებზე დამკვირვებლების ჩამოსვლა, თუმცა ეს პანდემიაზე დამოკიდებული. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ და იმედი მაქვს, რომ დამკვირვებლები ჩამოვლენ.
_ამის პარალელურად, როგორ აფასებთ ასოცირების ტრიოს ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ძალისხმევას. მათ ხაზი გაუსვეს ერთიან სტრატეგიას, ჯერ კიევში, შემდეგ კი ბათუმში გაფორმებულ დეკლარაციებზე ხელმოწერით.
მე მხარს ვუჭერ ასოცირების ტრიოს ფორმატს, რადგან ჩვენ, ევროპარლამენტიდან, ჯერ კიდევ 2019 წლიდან ვსაუბრობდით ამ ინიციატივაზე. ახლა კი, ეს წინსვლა კარგია. ეს ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა იმსახურებენ ბევრად უფრო ამბიციურ გზას ევროკავშირში ინტეგრაციისათვის. მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა, მოლდოვა და განსაკუთრებით საქართველო, ყველანაირად ცდილობდნენ, ინდივიდუალურად აჩვენონ, რომ რეალურად ახორციელებენ რეფორმებს, დემოკრატიის პროგრესს, რადგან სამეულის სტრატეგია არ გადაჭრის იმ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებს შეუძლიათ. ასე რომ, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ უნდა შეასრულონ საშინაო დავალება.
არჩევნების შემდეგ, მოლდოვას აქვს კარგი შესაძლებლობები, ბევრად უფრო სწრაფად წაიწიოს წინ. სამწუხაროდ, საქართველო, როგორც ჩანს, ხელიდან უშვებს იმ რეფორმების შესაძლებლობებს, რომლის ჩვენებაც პოლიტიკურ კრიზისამდე შეეძლო. 2030 წლამდე, შეიძლება გადამწყვეტი იყოს ამ ქვეყნებისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიონ, მაგრამ ეროვნული სახელმწიფოების დონეზე შეცდომა არ შეიძლება იყოს დაშვებული. სამწუხაროდ, საქართველო აჩვენებს ცუდ მაგალითს, თუ როგორ შეიძლება საქმეები მართლაც ძალიან გართულდეს.
ასოცირების ხელშეკრულება იყო კარგი ინსტრუმენტი საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის წინსვლისთვის. ფინანსური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ გვსურს, ვიხილოთ ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორების, განსაკუთრებით ამ სამი ქვეყნის მიმართ უფრო მკაფიო და ამბიციური პოლიტიკა, რომელიც უნდა იყოს მსგავსი იმისა, რასაც ევროკავშირი ახორციელებდა დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მკაფიოდ აქვთ გაწერილი თარიღი, როდის უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები.
მკაფიო ხედვა ნამდვილად ეხმარებათ პირველ რიგში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს თავიანთი მოტივაციის მაღალ დონეზე შენარჩუნებაში. სამწუხაროდ, ეს არ ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობას. ევროკავშირს ჯერ კიდევ არ შეუძლია, წარმოადგინოს უფრო მკაფიო ხედვა, თუ რა იქნება შემდეგ.
ჩვენ ნამდვილად ვცდილობთ, ევროპარლამენტის მხრიდან შევთავაზოთ ევროკავშირის ინსტიტუტებს, განსაკუთრებით უახლოესი სამიტის განმავლობაში, რომ გვქონდეს ბევრად უფრო ამბიციური, მკაფიო ენა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ასოცირების ტრიოს ქვეყნების ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯები. ეს გულისხმობს იმას, რომ ამ ქვეყნებს მივცეთ მკაფიო გზა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება მომავალში.
ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა სცენარს, თუ როგორ შეიძლება წინსვლა, ერთ-ერთი სცენარი არის „შუალედური სტატუსის“ შეთავაზება, მაგალითად, ზოგიერთი ქვეყნის მსგავსად (ნორვეგია შვეიცარია), რომლებიც არ არიან ევროკავშირის ნაწილნი. ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყნებს, როგორიც არიან საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ასევე შეუძლიათ, ჰქონდეთ წევრობის ბენეფიტები, რომელიც ასევე გულისხმობს საერთო ბაზრითა და სხვა სიკეთეებით სარგებლობას.