ენტონი ბლინკენი: აშშ-სა და უკრაინას შორის პარტნიორობა ისე ძლიერია, როგორც არასდროს

აშშ-უკრაინის პარტნიორობა ისე ძლიერია, როგორც არასდროს - ამ სიტყვებით აღწერს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შეხვედრას თეთრ სახლში, რომელსაც თავადაც ესწრებოდა.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინის ნათელ და აყვავებულ მომავალს.

"მე შევაქე უკრაინა დახმარებისთვის, რომელიც მან გასწია ავღანეთიდან რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ევაკუაციის დროს", - აღნიშნა ბლინკენმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ბლინკენმა ზელენსკისთან განიხილა რუსულ აგრესიაზე საპასუხო ნაბიჯები, რეფორმების ძალისხმევა და აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის შეხვედრასთან დაკავშირებული გეგმები.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შესახებ Twitter-ზე დაწერა, რომ პრიორიტეტული საკითხია უსაფრთხოება, განსაკუთრებით დონბასსა და ოკუპირებულ ყირიმში, შავი ზღვის რეგიონში და ენერგოუსაფრთხოება უკრაინასა და ევროკავშირში.