აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივი განცხადებით, რუსეთმა აგრესიისთვის პასუხი უნდა აგოს

სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივი განცხადებით, ეს ქვეყნები განაგრძობენ მუშაობას, რათა რუსეთს აგრესიისთვის პასუხი აგებინონ.

„დაუშვებელია, რომ 21-ე საუკუნეში სახელმწიფოებმა საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალონ. რუსეთმა დაარღვია ეს საბაზისო წესი უკრაინასთან. სუვერენულ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღონ და საკუთარი კავშირები აირჩიონ. აშშ უკრაინასთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, რომ რუსეთმა პასუხი აგოს თავისი აგრესიისთვის. აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია“, - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინის უფლებას, გარე ჩარევის გარეშე აირჩიოს საგარეო პოლიტიკური კურსი, ამ კონტექსტში აშშ მხარს უჭერს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისკენ მისწრაფებას.

შეგახსენებთ, თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა.