„მესამე ძალიდან“ თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე იქნება

პოლიტიკურმა მოძრაობამ „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, თბილისის მერობის, საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

„მესამე ძალის“ მხრიდან თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე იქნება. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად „მესამე ძალამ“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე წარადგინა.

„თამარ კეკენაძე არის პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე. თამარი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოსა და ნატოს შორის თავდაცვის და სამხედრო სფეროში არსებულ თანამშრომლობის პროცესს, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ასევე საქართველოს მისიაში NAT0-ში.

სერგო ჩიხლაძე გახლავთ პოლიტიკური მოძრაობის „სტრატეგია აღმაშენებელი“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. ჩვენი პარტიული და საპარლამენტო გუნდის აქტიური წევრი. სერგოს აქვს პროექტების მართვის 15-წლიანი გამოცდილება. სერგო ჩიხლაძე, როგორც მენეჯერი და საერთაშორისო ექსპერტი ჩართულია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მიმდინარე რეფორმებში და ინიციატივებში.

მუშაობდა აშშ-ში ჯანდაცვის სისტემების განვითარების საკითხებზე. მას მიღებული აქვს სახელობითი სიგელები აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნისაგან. ის არის ადგილობრივი და ამერიკული საერთაშორისო სამეცნიერო და პროფესიული ასოციაციების წევრი“, - განაცხადა კანდიდატების წარდგენისას გიორგი ვაშაძემ.