ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის წერილზე: რა შუაშია NATO-ს გენმდივანი ან შარლ მიშელი, რატომ აწუხებენ ამ ადამიანებს?

„რა შუაშია NATO-ს გენმდივანი ან შარლ მიშელი, რატომ აწუხებენ ამ ადამიანებს?“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვას იმის შესახებ, რომ 14-მა ოპოზიციურმა პარტიამ შარლ მიშელს, იენს სტოლტენბერგსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს ღია წერილით მიმართა.

„14 უდრის ერთს - ანუ „ნაცმოძრაობამ“ მიმართა წერილით ევროკავშირს და NATO-ს. რა შუაშია NATO-ს გენმდივანი ან შარლ მიშელი, რატომ აწუხებენ ამ ადამიანებს? ძალიან მარტივია, ჩვენ გავაკეთეთ ამაზე განმარტებები, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები. საერთოდაც, ფარისევლობაა ის, რასაც სჩადის „ნაცმოძრაობა“. თითქოს, ძალიან სწუხან ევროკავშირის სესხზე თუ დახმარებაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. ამის მიზეზად ღარიბაშვილმა საგარეო ვალის შემცირება დაასახელა. უფრო ადრე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს.

მთავრობის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობაში საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა.

მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეახსენა საქართველოს მთავრობას, რომ მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდებოდა და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია.