ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენმდივნის სპეცწარმომადგენლის პოზიციაზე ჯეიმს აპატურაი ესპანელმა დიპლომატმა შეცვალა

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელად სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ესპანელი დიპლომატი ხავიერ კოლომინა პირიზი დაინიშნა. ინფორმაციას NATO-ში ესპანეთის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს.

ხავიერ კოლომინამ დიპლომატიური სამსახური 2001 წელს დაიწყო. 2001-2002 წლებში იყო ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული ორგანიზაციების ხელმძღვანელი.

2017-2021 წლებში, NATO-ში ესპანეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო. მანამდე კი, სხვადასხვა დროს მუშაობდა პოლიტიკური განყოფილების უფროსის პოზიციაზე ესპანეთის საელჩოში, ტოკიოში, ასევე, ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიციაზე. ასევე მუშაობდა გაეორში ესპანეთის მისიაში (პირველი მდივანი), სირიაში ესპანეთის ელჩის მოადგილედ (2006-2008).

ხავიერ კოლომინამ ჯეიმს აპატურაი შეცვალა, რომელმაც უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებზე NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის პოზიციაზე გადაინაცვლა. კერძოდ, აპატურაის პოზიცია ტერორიზმთან ბრძოლის, ჰიბრიდეული საფრთხეებისა და უსაფრთხოებაზე კლიმატის ცვლილების გავლენას მოიცავს.

ჯეიმს აპატურაი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში საქართველოს ბოლოს ივლისში სტუმრობდა. ის პრეზიდენტმა ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.